GE

„ცხოვრების ეს ეტაპი აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავასრულოთ!“ – აბიტურიენტების წინასაგამოცდო განწყობები

აბიტურიენტი ხარ და 4 ივლისიდან შენი ცხოვრების ახალ ფურცელს წერ? მაშინ გამხნევება და სხვა აბიტურიენტების ფიქრების მოსმენა კიდევ უფრო გაგაძლიერებს.

თამუნა ჩალაშვილი 2022 წლის აბიტურიენტია. უკვე წლებია არჩეული აქვს მომოვალი პროფესია და ახლა მისი მთავარი მიზანი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართვის მიმართულებაზე გრანტით ჩაბარებაა. თამუნა ამბობს, რომ არჩევანი, თუ სად ისწავლის უკვე გააკეთა და არც გამოცდები აშინებს, რადგან მისი დახმარებით საკუთარი შრომის ხარისხსა და ცოდნას გადაამოწმებს.

„როგორც ყველა აბიტურიენტი მეც ვღელავ გამოცდების გამო, მაგრამ მჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩავაბარო და ვისწავლო რაზეც მსურს. ვიცი, რომ ეს ფაკულტეტი საკმაოდ რთულია, მაგრამ ვფიქრობ, როცა მიზანი გაქვს დასახული და იცი, ეს მიზანი მისაღწევად არც ისე მარტივია, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ ამ გამოწვევასაც გაუმკლავდე. გამოცდა ჩემთვის ახალი შესაძლებლობაა რომლის შემდეგაც ჩემი შრომა უნდა დაფასდეს. მიზნის მიღწევა მარტივი რომ არ არის ეს კარგად უნდა გვესმოდეს და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობების გადალახვა ყოველთვის მოგვიწევს“, – გვითხრა თამუნამ და ის მთავარი გზავნილებიც გაგვიმხილა, რომელსაც წლევანდელ აბიტურიენტებს გასამხნევებლად ეტყოდა:

„პირველ რიგში, მინდა ვუთხრა ყველა აბიტურიენტს, რომ იყვნენ თავდაჯერებულები, არ აყვნენ შიშებს, რადგან ეს ხელს შეუშლით. ასევე ვეტყოდი, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციებიც, მაგალითად შეეცადონ დაიძინონ ადრე, არ გაათენონ ღამეები, განსაკუთრებით გამოცდის წინა დღეებში. ასევე, ჩემი რჩევა იქნება დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი სტილი, იკვებონ და ივარჯიშონ, რადგან მზად იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად“

ჩვენი მეორე რესპონდენტი, გიორგი ხაჭაპურიძე, ახალგაზრდა რაგბისტია. წელს ისიც აბიტურიენტია და არქიტექტურის მიმართულებაზე აბარებს, რის გამოც განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი აქვს. გიორგი ამბობს, რომ სწავლასთან ერთად სპორტის შეთავსება მისთვის წელს განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა გამოცდები არც მას აშინებს, რადგან ეს არც პირველი და არც უკანასკნელი გამოწვევაა რომელსაცნ სჯერა, წარმატებით გაუმკლავდება.

„როცა სპორტით ხარ დაკავებული მეტი რესურსი გჭირდება, როგორც ფიზიკური ისე გონებრივი, ამიტომ დროც და ენერგიც უნდა გადაინახო. წელს ჩემი მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ მყოფნოდა ძალაც და დროც ყველა საქმისთვის და არც დამარცხებაზე ფიქრობ. გამოცდებიც და საერთოდ ყველაფერი, რაც დღეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ერთი ეტაპია, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და ვიცი, ეს ყველას თანაბრად შეგვიძლია, მით უმეტეს, როცა უამრავი ადამიანი გვამხნევებს და ჩვენი იმედი აქვს. ასეთ დროს მათ მოტივაცია უნდა მისცე და იმედი არ გაუცრუო“, – გვითხრა მომავალმა არქიტექტორმა და 2022 წლის აბიტურიენტები ასე გაამხნევა:

„ჩემი რჩევა იქნება და მოწოდებაც, რომ არ იფიქროთ ცუდზე და წინასწარ ნუ ინერვიულებთ, რადგან ამის დროც გექნებათ. ასევე, მიაქციათ ყურადღება კვებას. იკვებეთ ისე, რომ ძლიერად იყოთ. რაც მთავარია, მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად მოქმედებენ თქვენს მოტივაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს შემართებაა და ყველაფერი უნდაა გააკეთოთ რომ მიზანი არ დაკარგოთ“.

EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს მიზნების ასრულებაში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ტრადიციულად მხარს დაუჭერს გამოცდების მიმდინარეობისას.

ასევე იხილეთ:

2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური