GE

ცხრა წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა – ბიჭის მშობლებს მასზე  ზეწოლაში ადანაშაულებენ

ცხრა წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა, რომელიც ეინდხოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და უმაღლესი განათლების მიღების იმედი ჰქონდა, სასწავლებლის დატოვება გადაწყვიტა.

ლორან სიმონსის მშობლებს სურდათ, რომ მას უმაღლესი სასწავლებელი 26 დეკემბრამდე დაემთავრებინა. ამგვარად, ის მსოფლიოში უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული გახდებოდა, რომელიც ჯერ ათი წლისაც არაა.

თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აცნობა, რომ ლორანს კიდევ ბევრი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა და სასწავლებლის დასრულების თარიღის გადატანა 2020 წლისთვის შესთავაზა. მშობლები ამ წინადადებას არ დაეთანხმნენ და ლორანმა სწავლა შეწყვიტა. მათ იმის იმედი ქონდათ, რომ ბიჭი სამწლიან კურსს ათ თვეში დაასრულებდა და დიპლომს თავის მეათე დაბადების დღემდე აიღებდა.

ალექსანდრ სიმონსის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტარცია იმით იყო უკმაყოფილო, რომ ის მედიასაშუალებებთან რეგულარულად თანამშრომლობდა. ის ყვება, რომ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ ბავშვზე ზეწოლაში დაადანაშაულა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გავლის საჭიროებაზეც ისაუბრა.

„თუ ბავშვი ფეხბურთს კარგად თამაშობს და პრესის ყურადღებას იქცევს, ეს ნორმალური მოვლენაა. ჩემ შვილს სხვა ნიჭი აქვს. რატომ არ შემიძლია ამით საჯაროდ ვიამაყო?,“ – ნათქვამია ალექსანდრ სიმონსის ერთ-ერთ ინტერვიუში.

უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, ლორანი უნივერსიტეტს დეკემბრის ბოლომდე ვერ დაამთავრებდა, ვინაიდან ასეთ მოკლე დროში ის საგნის მასშტაბური გაგების, თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და კრიტიკული ანალიზის განვითარებას ვერ შეძლებდა. უნივერსიტეტის ადრეული დამთავრებით მისი მომავალი კარიერა დაზარალდებოდა.

„არ ვიცი ასე როგორ გამოვიდა“

ბელგიის ახალგაზრდა მაცხოვრებელმა პირველი კლასი ჩვეულებრივად, ერთ წელიწადში დაამთავრა. შემდეგ კი უცნაური რამ მოხდა: სწავლების მეორე წელს, როდესაც მისი კლასელები შესაბამის მასალას გადიოდნენ, ლორანმა საშუალო სკოლის მთელი პროგრამა აითვისა. 6 წლის ასაკში მან უფროს კლასებში სწავლა დაიწყო და პროგრამა 18 თვეში გაიარა. ამის შემდეგ მან პატარა შესვენება აიღო და ცოტა ხნით აკადემიურ შვებულებაში გავიდა. 8 წლის ასაკში ბიჭი ეინდხოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მას 2019 წლის დეკემბერში ელექტროტექნიკის სფეროში ხარისხის მიღების იმედი ჰქონდა. ამგვარად ის მსოფლიოში უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდებოდა.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ის ასეთი სერიოზული მეცნიერებების ათვისებას, ლორანი პასუხობს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს. ბიჭის სადიპლომო ნაშრომის თემა ეხება ადამიანის ტვინთან მიმაგრებულ ელექტრო ჩიპს, რომელსაც ერთდროულად ათასობით ნეირონის გაზომვა შეუძლია.

ამჟამად ვუნდერკინდი დაინტერესებულია იმით, თუ როგორ შეუძლიათ ტექნოლოგიებს ადამიანის სხეულისთვის დახმარების გაწევა. ბიჭის მშობლები ექიმები არიან, ამიტომ მის სამომავლო გეგმებში მედიცინის შესწავლა შედის. ამასთან, ლორანს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს, მას ადამიანის სხეულისთვის ხელოვნური ორგანოების შექმნა სურს.

დროულად შემჩნეული ნიჭი

ლორანის თქმით, მისი მიზანი ადამიანების, მათ შორის მისი ბებიისა და ბაბუის, ცხოვრების გახანგრძლივებაა. სწორედ მათ აღზარდეს ბიჭუნა და მისი პოტენციალი პირველებმა აღმოაჩინეს. მშობლები ფიქრობდნენ, რომ მსგავსი შეფასება დიდი სიყვარულით იყო გამოწვეული. თუმცა როდესაც სკოლის მასწავლებლებმა იგივე აღნიშნეს, ლორენის დედ-მამა მის შესაძლებლობებზე სერიოზულად დაფიქრდა. მისი განვითარების სისწრაფით უნივერსიტეტის პედაგოგები და ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან.

უნიკალური შესაძლებლობები და მკაცრი განრიგი

ლორანს ფოტოგრაფიული მეხსიერება და ინტელექტის უმაღლესი კოეფიციენტი აქვს. მისი IQ 145-ს შეადგენს. მსგავსი მაჩვენებელი გენიოსებსა და ნობელის პრემიის ლაურეანტებს აქვთ. ვუნდერკინდს ანალიტიკური შესაძლებლობები აქვს და მან ზუსტი მეცნიერებების სიყვარული თავიდანვე გამოიჩინა. თუმცა უცხო ენებისადმი გულგრილი დღემდე რჩება. მამის თქმით, ლორენი სკოლაში სიხარულით დადიოდა, თუმცა ხანდახან სხვა ბავშვებივით უბრალოდ დასვენება და სანაპიროზე დროის გატარება უნდოდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მისი სწავლისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და უფრო მეთოდური გახდა. უმაღლეს სასწავლებელში მას საკმაოდ მკაცრი განრიგი ჰქონდა.

„ორშაბათობით ლორენი ახალ კურსს ეცნობა, სამშაბათს ის ლაბორატორიაში ატარებს. ოთხშაბათს სწავლით არის დაკავებული, სახლში რჩება და რვა სათის განმავლობაში კითხულობს. ხუთშაბათობით პედაგოგებს საკითხების განსახილველად ხვდება, პარასკევს კი გამოცდას აბარებს. სხვა სტუდენტებს ამისთვის 9-დან 12 კვირამდე ჭირდებათ“, – ამბობს ლორენის მამა.

ბედნიერი ბავშვობა

ლორენის სწავლება, მისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად და საკუთარ ტემპში სამუშაოდ, მასზე ბევრად უფროსი სტუდენტებისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მისი მამა ამბობს, რომ ლორენს ბედნიერი ბავშვობა აქვს და მასზე ზეწოლას არავინ ახდენს. ბავშვი უკვე ძალიან ცნობილია. სოციალურ ქსელში მას 35 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ფოტოების უმრავლესობა მის ბედნიერ ბავშვობას ასახავს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური