GE

დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს სკოლის დირექციის თანხმობით? – ფაქტს პოლიცია იძიებს

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

“პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა”, – წერს მოქალაქე.

ის იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო ზომებს მიიღებს და ფაქტზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო “ათინათს” ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: radioatinati

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური