GE

დაბალ კლასებში მოსწავლეთა რეპეტიტორთან მომზადების ტენდენცია და მისი მიზეზები

კარგად ცნობილი ამბავია, რომ მშობლების დიდ ნაწილს ძირითად საგნებში შვილების მასწავლებლებთან მომზადება უწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უთმობენ, თუმცა ბოლო დროს  ერთგვარ ტენდენციად იქცა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის რეპეტიტორების აყვანა. კითხვას, თუ რა მიზეზით ამზადებენ ბავშვებს მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეების მშობლებმა უპასუხეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მშობლებისგან განსხვავებით, ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას  ამბობენ, რომ პრობლემა მათ შვილშია და არა პედაგოგში ან საგაკვეთილო პროცესში. მათ პოზიციას იზიარებს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე და 128-ე სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ეკა ხვედელიძე.

ნათია გოგიბერიძე ორი სკოლის მოსწავლის დედაა. ამბობს, რომ უფროსს მომზადება არ დასჭირვებია, თუმცა მე-6 კლასელ ქეთის რეპეტიტორთან ამეცადინებს, რათა გაკვეთილი უკეთ გაიგოს:

„45 წუთი არაა საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელმა  შეძლოს გაკვეთილის ახსნა ისე, რომ ყველა ბავშვმა სრულყოფილად გაიგოს. უფროს შვილს არ ვამზადებ, მაგრამ  პატარას არ აქვს სხარტი გონება და, ვფიქრობ,  სჭირდება დამატებითი დახმარება. მერე თვითონაც, რომ იგებს უფრო ხალისიანად და მონდომებით ასრულებს დავალებას“,- ამბობს ნათია.

ანალოგიური სიტუაცია აქვს კლარა ქათამაძის მე-5 კლასელ შვილსაც, რომელსაც მომზადება ყველა საგანში სჭირდება. კლარა გამოსავალს ჯგუფების ბავშვების დონეების მიხედვით განაწილებაში ხედავს და თვლის, რომ  კლასში სადაც სუსტი და ძლიერი მოსწავლე ერთადაა, შესაძლოა ორივე დაიჩაგროს:

„მე ორი შვილი მყავს. ერთს სხარტი აზროვნება აქვს და სუსტი კლასელების გამო პედაგოგი მას ფაქტობრივად ყურადღებას არ აქცევს, იგი გადართულია იმაზე, რომ სუსტებს აუხსნას და გამოკითხოს მასალა. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ბავშვი ნაკლებად მობილიზებულია და წარმატების სიხარულიც არ აქვს. სანამ კლასის რაღაც ნაწილი მას დაეწევა, იგი ცდება. მეორე შვილი კი მარტივად ვერ ითვისებს პროგრამას, თუმცა მისი პედაგოგი პირიქით იქცევა და ყურადღებას ძლიერ ბავშვებს აქცევს, ამიტომაც მისი მომზადება მიწევს. ჩემი აზრით, ცალ-ცალკე ჯგუფებში უნდა იყვნენ განაწილებული ძლიერი და სუსტი ბავშვები, რადგან მასწავლებელს 1 გაკვეთილი არ ყოფნის თანაბრად გაანაწილოს ყურადღება ძლიერ და სუსტ ბავშვებზე, როცა ისინი ერთ კლასში არიან“, – ამბობს კლარა ქათამაძე.

თეო ალფენიძესაც ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ კლასი ინგლისურის გაკვეთილზე არ იყოფა, რის გამოც პედაგოგი ყურადღებას ვერ ანაწილებს და ბავშვები დამატებით მეცადინეობას საჭიროებენ:

„მე-5 და მე-4 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში და ინგლისურში ვამზადებ. მათემატიკას მარტივად ვერ იგებენ და სკოლის მასწავლებელს ვერ დავავალდებულებ მანამ ახსნას მასალა, სანამ ჩემი შვილი არ გაიგებს. მის გარდა ხომ კლასში 24 ბავშვია. ინგლისურზე კი გაერთიანებული გაკვეთილები უტარდებათ და უცხო ენის სწავლა 25-კაციან ჯგუფში შეუძებელი მგონია“, – ამბობს თეო.

ნუნუკა გულუას შვილს გაკვეთილების მომზადებაში დახმარება სჭირდება, დედა კი ვერ იცლის, რის გამოც მისთვის ცალკე პედაგოგი აიყვანა:

„მე  7 საათამდე ვერ ვიცლი, მარის კი ხშირად სჭირდება დახმარება. მარტო ვერ, ან არ მეცადინეობს. არ მინდა კლასს ჩამორჩეს და შემდეგ უფრო რთული მასალის ათვისება გაუჭირდეს, ამიტომაც ყველა საგანში ვამზადებ“,- ამბობს ნუნუკა.

ლალი ჩირაძეს უფროსი ქალიშვილი სკოლის პერიოდში არ მოუმზადებია, თუმცა უმცროსს საატესტატო გამოცდები უახლოვდება და როგორც მშობელი ამბობს, პედაგოგი გავლილი მასალის გამეორებაში  ბავშვებს არ ეხმარება, რის გამოც მშობლები იძულებულნი არიან მოსწავლეები დამატებით მოამზადონ, თუმცა ბავშვები სხვა  რეპეტიტორის აყვანის შემდეგ სკოლის მასწავლებლის აგრესიის მსხვერპლი ხდებიან:

„ჩემი შვილის  სკოლის მასწავლებლები ცდილობენ სკოლაში არაფერი ასწავლონ ბავშვებს და გვაიძულებენ რეპეტიტორებთან მივიყვანოთ ბავშვები. საერთოდ არ ეხმარებიან საატესტატო გამოცდების მომზადებაში, ასწავლიან ისეთ თემებს, რომლებიც საგამოცდო მასალაში არაა. ამიტომ, იძულებული ვარ, ბავშვი მოვამზადო. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მასთან მოემზადო. მაგალითად, თუ მოსწავლე აქტიურობს და ატყობს მასალა იცის, ხვდება რომ ემზადება და ცდილობს ისეთი შეკითხვები დაუსვას, ჩაჭრას. მსგავსი აგრესიის მსხვერპლი ჩემი შვილი არაერთხელ გამხდარა, მაგრამ მხოლოდ ქულისთვის ფულს მაინც არ გადავიხდი“, -ამბობს ლალი ჩირაძე.

განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე ბავშვების მომზადების ორ მიზეზს განიხილავს. ერთი მხრივ, შესაძლოა მშობელი ბავშვს არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების გამო ამზადებდეს, მეორე მხრივ კი მიზეზი სკოლებში განათლების დაბალი დონე შეიძლება იყოს. ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს:

„თუ მშობელი თავისი შვილის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე საჭიროდ თვლის და აქვს საკმარისი რესურსი, კერძო მასწავლებელი აუყვანოს ბავშვს, რა თმა უნდა, ამას ვერავინ აუკრძალავს და პირიქით, კარგიც არის მოსწავლისთვის. ეს ერთი მხარეა, მეორე საკითხია დაბალი განათლების დონე სკოლებში. შეიძლება, მშობელი იმიტომ ამზადებს ბავშვს, რომ სკოლა ვერ ახერხებს საკმარისი ცოდნა მისცეს და ბავშვი იმის სწავლას, რაც სკოლაში უნდა ასწავლონ, სხვაგან ცდილობს. ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია“, – ამბობს სპეციალისტი.

128-ე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ეკა ხვედელიძე EDU.ARIS.GE-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც შესაძლოა ბავშვის მომზადება გახდეს საჭირო:

„დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორთან მომზადების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ბავშვი გონებაგაფანტულია და უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, საჭიროებისამებრ არ აქვს განვითარებული მსხვილი და წვრილი მოტორული უნარ-ჩვევები და ა. შ. ამის გამო კი მას გაუჭირდება ყურადღებით მოუსმინოს მასწავლებელს, აღიქვას და დაიმახსოვროს მიღებული ინფორმაცია, შესაბამისად გაუჭირდება მიჰყვეს პროგრამას. ამ დროს აუცილებელია მშობელი აქტიურად ჩაერთოს ბავშვის სასწავლო პროცესში, დაეხმაროს მას და თუ არ სცალია  რეპეტიტორიც აიყვანოს.

„რაც შეეხება მასწავლებელში მიზეზის ძიებას, მე მაინც მგონია, რომ თუ ბავშვი „ვარგა“, ყველგან „ივარგებს“, იმდენად მაინც, რომ რეპეტიტორი არ დასჭირდეს. ჩემს კლასში 24 მოსწავლეა და როგორც ვიცი, მხოლოდ 1 ემზადება, თუმცა თუ ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში აქტიურად ეხმარებიან, შეიძლება მასწავლებელმა ეს ვერც შეამჩნიიოს“, – ამბობს ეკა ხვედელიძე.

რეპეტიტორი – “სცენიდან გასაყვანი” მოთამაშე, თუ მოსწავლის რეალური საყრდენი

მინისტრი: “სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან”

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური