GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „IT აკადემია“

10 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

პრეზენტაციას ტექნოლოგიური აკადემიის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მენეჯერებმა დამსწრე საზოგადოებას EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილი  ახალ გვერდი– edu.aris.ge/tvet გააცნეს, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი წარმატებით დაჩექინდა სპეციალურად „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისთვის“ შექმნილ მიკროგვერდზე.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

2007 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს “CISCO”-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს.

ამჟამად IT აკადემიაში მიღება 6 პროგრამაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა ქსელის ადმინისტრირება, ვებ-დეველოპერი, ვებ დიზაინერი, საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი, ინფორმაციის ტექნოლოგია და  ქსელისა და სისტემის ტექნიკოსი.

რაც შეეხება კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას, როგორც IT აკადემიაში აცხადებენ, კოლეჯს უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვს – 98-100%. კოლეჯის ინფორმაციით,  იგი თავად არის თავისი კურსდამთავრებულების ერთ-ერთი დამსაქმებელი, ასევე თითქმის ყველა სტუდენტი, სწავლის პერიოდშივე საქმდება წამყვან კომპანიებში, ან ხდება თვითდასაქმებული.

კოლეჯი, სადაც სტუდენტების 90% უმაღლესდამთავრებულია – IT აკადემია დასაქმების 100%-იანი მაჩვენებლით

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური