GE

დაექვითებათ თუ არა მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის გამო გაცდენილი საათები ხელფასიდან?!

შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა  ტესტირება 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრები იყო განთავსებული ნაწილობრივი არდადეგები იყო გამოცხადებული, თუმცა დანარჩენი სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამოცდებში მონაწილეობდნენ, პრობლემები შეექმნათ.

შემოდგომის გამოცდებზე დარეგისტრირებული 26 ათასი აპლიკანტიდან გამოცდებზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა, აქედან დაახლოებით 15 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, რომლებიც სკოლებში მუშაობენ და გამოცდების გამო, ბუნებრივია, გაკვეთილების გაცდენა მოუხდათ.

EDU.ARIS.GE-ს პედაგოგები უკავშირდებიან და ამბობენ, რომ მათ გაცდენილ საათებთან  დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ.

„იქნებ გაგვირკვიოთ, ვინც გამოცდაზე იყო მასწავლებლები, დირექტორი ითხოვს ხელფასიდან დაიქვითოს იმ დღის თანხა, მასწავლებლები ითხოვენ დამატებითი გაკვეთილების ხარჯზე აანაზღაურონ გაცდენილი საათები, დირექტორი უარს ამბობს, რესურსცენტრი არ დამთანხმდებაო, ძალიან გთხოვთ გაგვირკვიოთ ეს საკითხი“, – გვწერს ერთ-ერთი მათგანი.

ამავე რაიონის კიდევ ერთ სკოლაში კი დირექტორი დამატებითი საათების ჩატარებაზე დაითანხმეს:

„თავდაპირველად დირექტორებმა განაცხადეს, რომ ამ რაიონის (რაიონი ამოღებულია) ყველა სკოლაში, ხელფასიდან დაიქვითება გაცდენილი საათები, გვითხრეს რესურცენტრიდან გვაქვს ბრძანებაო. მასწავლებლებმა გავაპროტესტეთ, მოვითხოვეთ გაკვეთილების ეტაპობრივად ანაზღაურება დამატებითი გაკვეთილების ხარჯზე, რაზეც მკაცრი უარი მივიღეთ, არ დამრთავს ნებას რესურსცენტრიო, გვითხრა დირექტორმა. მთელი კვირაა ვდაობთ აღნიშნულ თემაზე და დღეს, პირადად ჩემი დირექტორი დაგვთანხმდა, რომ ჩავატაროთ გაცდენილი გაკვეთილები, სხვა სკოლებში რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის, არ ვიცი.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პედაგოგებს დირექციამ უნდა მისცეს გაცდენილი საათების ანაზღაურების შესაძლებლობა.

„სკოლამ უნდა მისცეს აღდგენის შესაძლებლობა, მიწერილი გვაქვს ეს რესურსცენტრებისთვის, გაარკვიონ სკოლებთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

თუმცა, რესურსცენტრებისთვის გაგზავნილ სარეკომენდაციო წერილი რომელიც EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა, არ გამორიცხავს მასწავლებლისთვის გაცდენილი საათების დაქვითვას ერთ შემთხვევაში:

„გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ობიექტური გარემოება და ხელი შეუწყოთ მოქმედ მასწავლებლებს პროფესიული და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების პროცესში ისე, რომ სკოლებში არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა. 4 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სკოლა უფლებამოსილია, მოიწვიოს შემცვლელი მასწავლებელი, ან გაკვეთილების ცხრილში საჭიროებისამებრ უზრუნველყოს ცვლილების შეტანა, გადაანაცვლოს/ჩაანაცვლოს გაცდენილი საათები ისე, რომ გამოცდაზე გამსვლელი მასწავლებლების მიერ შესაძლებელი იყოს გაცდენილი საათების აღდგენა. აქვე განგიმარტავთ, რომ შემცვლელი მასწავლებლის აყვანის შემთხვევაში, იურიდიულად შეუძლებელი იქნება ორივე ხელფასის გაცემა“, – ვკითხულობთ რეკომენდაციაში.

რაც ნიშნავს, რომ თუ დირექტორი გადაწყვეტდა იმ პერიოდში, რომ მასწავლებლის საათები შემცვლელი მასწავლებლით დაეკავებინა, მაშინ, ცალსახად, მხოლოდ შემცვლელ მასწავლებელს აუნაზღაურდებოდა ის თანხა, რაც ჩაატარა და შეცვლილ მასწავლებელს დაექვითებოდა. მაგრამ თუ დირექტორი იმ დროს შემცვლელი მასწავლებლით არ ჩაანაცვლებდა, მაშინ გამოცდაზე გასულ მასწავლებელს აქვს უფლება მოითხოვოს კონკრეტული საათის გადანაცვლება და სხვა დროს ჩატარება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების იურისტები კი განმარტავენ, რომ დირექტორს არსებული კანონით აქვს უფლება დაქვითოს ხელფასი და აღნიშნულის შესაჩერებლად არც მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულა დროებითი ბრძანება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური