GE

დაირღვა თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი “ნაეკის” მხრიდან?!

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აბიტურიენტები ჯერ კიდევ ელოდებიან და EDU.ARIS.GE-ს სოციალური გვერდის შეტყობინებებში დღის განმავლობაში უამრავი წერილი შემოდის.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად სამართლიანია ზოგიერთი აბიტურიენტის საჩივრები NAEC-ის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით. გთავაზობთ ერთ–ერთი აბიტურიენტის შეტყობინების ნაწყვეტს:

„…საგამოცდო ცენტრიდან მოსული ყველა შეტყობინება ძალიან მოქმედებს ჩემზე, გულს მიხეთქავს. მგონია, რომ ჩემს ქულებს ეხება საქმე… ბოლოს რაღაც უნივერსიტეტებზე მომივიდა სარეკლამო ინფორმაცია და სხვაგან რომ ვაბარებ, რამე ხომ არ მემუქრება?!“

გადამოწმების შედეგად, „ნაეკის“ სმს-ანგარიშიდან, გამოცდებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, წმინდა კომერციული ხასიათის შეტყობინებები შემოდიოდა.

დავუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ვკითხეთ, რატომ იღებენ აბიტურიენტები სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს „უარის მექანიზმის“ (SMS Off) გარეშე, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევს.

როგორც საგანმანათლებლო უწყებამ განმარტა, აპლიკანტები რეგისტრაციისას გამოთქვამენ თანხმობას – მიიღონ NAEC-ის მოკლე ტექსტური შეტყობინებები საგამოცდო პროცესის დასრულებამდე და სმს-ის მიღება/არ მიღების საკითხს თვით აპლიკანტი არეგულირებს.

online.naec.ge-ზე აბიტურიენტს პროგრამების რეგისტრაციის გვერდზე მართლაც აქვს შესაფერისი გრაფა, რომლის მონიშვნის შემდეგ სმს-ების მიღებაზე თანხმობას /უარს აცხადებს.

უფრო კონკრეტულად კი, „ნაეკი“ სმს-ების მიღებაზე აბიტურიენტისგან თანხმობას შემდეგზე იღებს:
„თანახმა ვარ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მივიღო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია“.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, არის თუ არა დაკავშირებული შემდეგი სარეკლამო ინფორმაცია გამოცდების ცენტრის საქმიანობასთან:

მიიღე 1000-ლარიანი თანადაფინანსება GIPA-ს პროგრამებზე…
რატომ ხარ სხვაგან? აირჩიე სეუ..
მიიღე ნიუ უნის 50%-იანი გრანტი…
Your NAEC scores qualify you for a scholarship up to 30 000 USD… (საბოლოო ქულები ჯერ ცნობილი არ არის, edu.aris.ge)

დაირღვა თუ არა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი ?

შეუძლია თუ არა საგამოცდო პროცესებში ჩართულ მოზარდს „ნაეკის”, ალბათ, მნიშვნელოვან შეტყობინებებზე უარის თქმა? თუ ეს ბავშვების გამოყენებას უფრო ჰგავს?!

და ბოლოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ კითხვით – რა ღირს ერთი სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა? და შეიძლება თუ არა „ნაეკის“ სარეკლამო ფასებსა და პირობებზე საჯარო ინფორმაციის მოძიება?

„ყველა ის უმაღლესი, რომელიც ამ სმს-ით სარგებლობს, რეალურად აბიტურიენტების მხარდასაჭერ პროექტშია ჩართული, ისინი გვეხმარებიან ბეჭდური ვერსიების გამოცემა–გავრცელების დაფინანსებაში, ვიდეოების მომზადებაში… რეალურად ისინი აფინანსებენ ამ პროექტებს. ძალიან ხშირად ეს სმს-ი მათთვის სრულიად უფასოა, ან შეიძლება იყოს ფასიანი და, ცხადია, სასწავლებლები, რომლებიც ასეთ პროექტებში გვეხმარებიან, მათთვის ფასდაკლებაც მოქმედებს“, – განაცხადა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნაეკის“ წარმომადგენელმა.

ალბათ, თქვენ გაიგეთ, რა ღირს.

 

ავტორები:
სალომე უსტარაშვილი
გვანცა ღვედაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური