GE

დაისახე პრიორიტეტები და გააკეთე შენი მაქსიმუმი – ილიაუნის სტუდენტის მოწოდება

ნათია ბენდელიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, განათლების ფსიქოლოგიას სწავლობს და როგორც ამბობს, სწავლისა და სწავლების პროცესი ურთიერთდაკავშირებული პროცესებია და ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა. საკუთარ თავზე საუბარი ეძნელება, თუმცა მაინც გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მიიღო.

“როცა მეუბნებიან, რომ ჩემზე უნდა მოვყვე, არასდროს ვიცი, რა უნდა დავწერო და ვთქვა, უბრალოდ ვიწყებ მოყოლას რაღაც ეპიზოდიდან. მიყვარს გარემო და ადამიანები, რომლებიც გზრდიან და განვითარების შესაძლებლობებს გთავაზობენ. თავს კარგად ვგრძნობ შემოქმედებით გარემოში, სადაც შესაძლებელია თავის გამოხატვა სხვადასხვა გზით, სადაც შეგიძლია შენგან ისწავლონ და შენც ბევრი რამ შეიძინო. ვსწავლობ განათლების ფსიქოლოგიას და მინდა, განათლების სფეროში მეტი კვალიფიკაცია შევიძინო; მაინტერესებს სტუდენტთა (მოზარდთა) განათლების ასპექტები, ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც შესაძლებელია უნივერსიტეტმა, და არა მარტო ფორმალურმა გარემომ, შესთავაზოს მათ. ვასწავლი და ვსწავლობ, ვფიქრობ, ეს პროცესი ყველაზე ჯანსაღია, რადგან იცი, რას ითხოვენ შენგან და იმასაც გრძნობ, რისი მოცემა შეუძლიათ შენთვის.

ტარტუს უნივერსიტეტზე ბევრი რამ ვიცოდი, სანამ გაცვლითი პროგრამით წავიდოდი. ის, ვფიქრობ, ქართველ სტუდენტებში ყველაზე პოპულარულია. უნივერსიტეტს ყველასთვის რაღაც აქვს მისაცემი, უპირველესად ის ატმოსფერო, რომელიც ქალაქში სუფევს, ყველა ქუჩაზე სტუდენტები დადიან. ამ პატარა ქალაქში შეგიძლია ხალხს შეხვდე მთელი მსოფლიოდან. თუ ადამიანი გაიცანი, შეუძლებელია, მას ისევ არ გადაეყარო. ცხოვრობ და სწავლობ ინტერნაციონალურ გარემოში, გასწავლიან ადგილობრივი და მოწვეული ლექტორები. ამიტომ შეუძლებელია, ფართო სურათი არ დაინახო და თვალსაწიერი არ გაიფართოო.

ჩემთვის მთავარი იყო არა მხოლოდ იმ კურსების კონტენტი, რასაც ვსწავლობდი, არამედ, როგორც მომავალ განათლების ფსიქოლოგს, მაინტერესებდა ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, სწავლების მეთოდები, მიდგომები. ყველა ინდივიდუალურია, თითოეულისგან ბევრი რამის სწავლა შევძელი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შენთვის ემზადებიან, ფიქრობენ, რისი შეთავაზება შეუძლიათ სტუდენტებისთვის, სწავლის პროცესი საინტერესო და პროდუქტიული რომ იყოს.

ძნელია ორი უნივერსიტეტის მსგავსებებზე ისაუბრო. ტარტუს უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის პროგრამები თუ სწავლის მეთოდები, რომელთაც სტუდენტებს სთავაზობს, ძალიან დახვეწილი და მათზე მორგებულია. ორივეგან სტუდენტების ავტონომიას დიდი ყურადღება ეთმობა. საშუალება გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე. ხელი მიგიწვდება მდიდარ სამეცნიერო ბაზებზე, რაც განვითარებისა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად მიწევდა ესტონელ სტუდენტებთან მუშაობა. ვეცადე, სტერეოტიპებს არ ავყოლოდი. არ მინდოდა დაჯერება, რომ ასე ცოტას ლაპარაკობენ – მხოლოდ მაშინ გამოთქვამენ აზრს, თუ ძალიან შეაწუხე. ვისწავლე, როგორ უნდა შევიკავო თავი ემოციებისგან, პრეზენტაციის კეთებას ან პროექტზე მუშაობას რომ ახლავს. მესიჯებზე შეიძლება მხოლოდ 2-3-მარცვლიანი პასუხები გაგცენ. შემდეგ ეჩვევი და როცა წინადადების ფორმას იღებს და შეიძლება დიალოგიც კი გამოგივიდეთ, ძალიან გიხარია.

ლექტორებში უფრო გამიმართლა, ვიდრე კურსებში; თავიდან ბევრი კურსი ავირჩიე და შემდეგ არჩევანი 7-ზე შევაჩერე. მინდოდა საინტერესო და გამოცდილებით სავსე ყოფილიყო ის ერთი სემესტრი. მიჭირს ერთ კონკრეტულ ლექტორზე საუბარ. ლექციებს მიკითხავდა საერთაშორისო სოციალური მუშაობის სფეროს ექსპერტი ჰოლანდიიდან, ასევე პროექტების მენეჯერი ნიუ-იორკიდან, პროფესიონალი ესტონელი ლექტორები, განსაკუთრებულად მრავალფეროვან და საინტერესო ლექციებს თუ სემინარებს გვთავაზობდნენ. ვოლფგანგ ვაგნერი (ავსტრია) – ეს სახელი და გვარი სულ მახსოვს და ვცდილობ, გავიგო, ვინ იყო და რამხელა პატივი მერგო, რომ მის ლექციებს დავსწრებოდი. სოციალურ ფსიქოლოგიას მიკითხავდა. თავად ბევრი თეორიის ავტორი იყო ამ სფეროში, მათ შორის, სოციალური რეპრეზენტაციების თეორიისა. თავისი ავსტრიული ინგლისურით სოციალური ფსიქოლოგიის კოსმოსს წარმოგვიდგენდა, სადაც თითო სემინარზე ერთი ვარსკვლავის დაჭერას თუ ვახერხებდით. ხუთი წუთი ანათებდა, შემდეგ ისევ გვეკარგებოდა, ვიბნეოდი, მაგრამ შემდეგ ისევ რაღაც ნათდებოდა ორბიტაზე. შესაძლოა მას არ ჰქონდა სწავლების საუკეთესო მეთოდები, მაგრამ მისი პიროვნება უკვე ბევრს ამბობდა და ვცდილობდი, მის არეალში მოვქცეულიყავი.

დაისახე პრიორიტეტები და გააკეთე შენი მაქსიმუმი – ესაა ჩემი მოწოდება და სურვილი სხვა სტუდენტებისადმი”, – გვიყვება ნათია ბენდელიანი ესტონური გამოცდილებების გაზიარებისას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური