GE

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ზაფხულში მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 2019 წელს ზაფხულში ჩასატარებელ მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებას და გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებენ.

როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ EDU.ARIS.GE – ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოლოდინის მიუხედავად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ზაფხულში კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

,,იმისთვის, რომ სუბიექტმა შეძლოს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასვლა, უკვე უნდა ჰქონდეს დიპლომი”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

შემოდგომაზე კი, როდესაც განმეორებით ჩატარდება გამოცდა, მათ წესით გასვლის პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან ამ დროისთვის დიპლომი აღებული უნდა ჰქონდეთ.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი კი ჯერ კიდევ ნოემბერში, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რეგისტრაციისას შეზღუდვა აღარ ექნებოდათ იმ პირებს, რომელთაც ისწავლეს ბაკალავრიატზე, ჯერ დიპლომი არ აქვთ, თუმცა სურთ მასწავლებლობა:

“მეორე სიახლე კი ისაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ვიდრე დიპლომს ვერ აიღებდნენ, სასერტიფიკატო გამოცდაზე ვერ გადიოდნენ, ასე აღარ იქნება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დიპლომის აღებამდე, იმავე წელს, როგორც კი დაამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, გავიდნენ სასერტიფიკატო გამოცდაზე, დიპლომი კი სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე წარმოადგინონ. რატომ დავაკარგინოთ ამ ახალგაზრდებს ერთი წელი? დამთავრებული აქვს და უნდა იმუშაოს. გვინდა, ჩვენ პროფესიაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და მეტი მამაკაცი მოვიდეს, რომ ასაკისა და სქესის ბალანსიც დაცული იყოს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კადრების სიმცირეს განვიცდით, რადგან მასწავლებელთა საშუალო ასაკი 52 წელია”, – ამბობდა ბერიკა შუკაკიძე.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი