GE

„დამატებითი სესიის აბიტურიენტების შედეგები სხვა ვარიანტებთან არ გათანაბრდება“

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების ნაწილისთვის ჯერ არ დასრულებულა. იმ აპლიკანტებს, რომელთაც ძირითადი საგამოცდო სესიების ჩატარების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ, წელს შესაძლებლობა მიეცათ გამოცდა დამატებით სესიაზე ჩაებარებინათ, რითიც არ დაკარგეს შანსი წელსვე გამხდარიყვნენ სტუდენტები. შესაბამისად, სხვადასხვა საგნებში გაჩნდა ტესტის დამატებითი ვარიანტები, რომელიც, როგორც EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელთან დააზუსტა, შედეგების დადგენისას გათანაბრებას არ დაექვემდებარება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აბიტურიენტების კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ დამატებითი სესიების ეს ვარიანტები განიხილებოდეს ე.წ. რთულ ვარიანტად, პასუხი არის არა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გოგროძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მეთოდოლოგიურად უფრო გამართლებულია და აბიტურიენტებს სამართლიან პირობებში აყენებს.

„ამ შემთხვევებაში მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლებულია ვიდრე ის, რომ გავათანაბროთ სხვა ვარიანტებთან. იმისათვის, რომ გათანაბრება მოხდეს, აუცილებელია შერჩევა იყოს შემთხვევითი, ამ შემთხვევაში, ვინაიდად კონკრეტულ ჯგუფს ვუტარებთ დამატებით სესიას, არ არის გამართლებული მეთოდოლოგიურად. ამიტომ აბიტურიენტები უფრო სამართლიან პირობებში იქნებიან თუ მათი შედეგები სხვა ვარიანტებთან არ გათანაბრდება”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გათანაბრებული ქულის გამოთვლის წესი

დამატებითი სესიები, რომელიც აბიტურიენტებისთვის უნდა ჩატარდეს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ასეთი განრიგით გაიმართება:

უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია);

ისტორია – 27 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური