GE

დასაქმების სამკუთხედი – რას გულისხმობს მინისტრის ახალი ინიციატივა

უნივერსიტეტების დაფინანსება, პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მოპოვების გამკაცრებული სტანდარტები და დასაქმების ახალი პროექტი – ეს იმ ცვლილებების ნაწილია, რომლის განხორციელებასაც განათლების სამინისტრი 2018 წელს გეგმავს.

როგორც მიხეილ ჩხანკელი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი სიახლე ე.წ. დასაქმების სამკუთხედია, რომელსაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად განახორციელებენ. როგორც თავად აღნიშნავს, ეს არის სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც დამსაქმებლების, სამუშაოს მაძიებლებისა და პროფესიული სასწავლებლების მონაცემები გაერთიანდება.

„შეთავაზებული იქნება კონსულტაციების სერვისი, სადაც მოხდება სამუშაოს მაძიებლის CV სრულყოფა, სანამ აპლიკანტი შევა ამ სისტემაში და შემდგომ უკვე სისტემა უზრნველყოფს მის ან პირდაპირ დამსაქმებელთან დაკავშირებას ან იმ პროგრამების შეთავაზებას, რომლის გავლის შემდგომაც მას გაუადვილდება ამ სამუშაოს მოძებნა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ დიდი სიახლეები იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების მხრივაც.

როგორც მინისტრი ამბობს, შესაძლებელია, უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახილ თანხებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი და ბიუჯეტიდან განესაზღვროთ საბაზისო დაფინანსება. თუმცა მისივე თქმით, მოდელი ჯერ დამუშავების პროცესშია.

2018 წლის სიახლე ისიც იქნება, რომ პროფესიულ სასწავლებლებში შესაძლებელი იქნება 12 კლასის ატესტატის აღება და იქ მოპოვებული კრედიტების უნივერსიტეტებში აღიარება. ამასთან, ჩხენკელი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ოჯახების ფსიქოლოგიური განწყობაა.

„მშობლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ შვილებს უნივერსიტეტის დიპლომი უნდა ჰქონდეთ, შესაბამისად, სამინისტრო აპირებს უნივერსიტეტების ბაზაზე დააფუძნოს კოლეჯები და დაიწყონ კამპანია, რომლის მიზანი იქნება საზოგადოებას პროფესიული სასწავლებლების წარმატებული კურსდამთავრებულები გააცნოს“, – აღნიშნავს ჩხენკელი და აქვე იმასაც აცხადებს, რომ 2018 წლიდან უნივერსიტეტების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მოპოვების გამკაცრებული სტანდარტები ამოქმედდა. რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ თუკი ახლა 75 უმაღლესი ავტორიზებული სასწავლებელია, სტანდარტების გამო მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.

სიახლეების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი

„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური