GE

„დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით, რომ არ შეწყდეს სკოლებში სწავლა“ – ეკატერინე დგებუაძე მშობლებს

პრობლემას მხოლოდ სკოლის პერსონალი ვერ მოაგვარებს ვაქცინაციით, საზოგადოებაზე უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა, დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით, რომ არ შეწყდეს სკოლებში სწავლა – განაცხადა დღეს “რუსთავი 2-ის” ეთერში განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და მოსწავლეთა მშობლებს, საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სკოლებში ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებლები არ არის საფუძველი, რომ დასწრებული სწავლების ფორმატი მასობრივად შეცვალონ.

“რა თქმა უნდა, მაჩვენებელი იმატებს და ეს საგანმანათლებლო პროცესზეც აისახება. სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას კი, მინისტრის ბრძანებით, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები წყვეტენ. სკოლების გახსნა არ იყო ნაადრევი, დროული იყო. ინფექციის გავრცელება საკმაოდ დაბალი იყო, რაც გახდა წინაპირობა, რომ დავუშვით, მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაეგრძელებინათ. სამინისტრო დღესაც ყველაფერს გააკეთებს, რომ შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, თუმცა, განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამ პროცესების მართვას, რადგან არამარტო სისტემის, არამედ საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა დგება ამ შემთხვევაში. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სასკოლო სივრცეში მიიღონ განათლება, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ 15 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში.

საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ამავე ეთერში ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც და განმარტა, რომ მზად არიან, დაეხმარონ ვაქცინაციაში სკოლების გადაუწყვეტელ თანამშრომლებს, მათ შორის, ადგილზე მობილური ჯგუფების გაგზავნითაც.

ასევე იხილეთ:

სამინისტრო: სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა, დისტანციურ სწავლებაზეა 108 სკოლა და 687 კლასი

მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური