GE

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ“ – რა აჩვენა კვლევამ

ინგლისში, განათლების მხარდამჭერი სერვისის, Juniper Education-ის მიერ ჩატარებული დაკვირვების თანახმად, შარშან პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი ყველაზე უარყოფითად დაწებითი კლასის მოსწავლეებზე აისახა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში სკოლაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დიდ სირთულეებს 6-7 წლის მოსწავლეები გადააწყდნენ. პრობლემებმა თავი ძირითადად მათემატიკასა და წერა-კითხვაში იჩინეს.

დაკვირვება ინგლისში მდებარე 6000 სკოლაში მიმდინარეობდა. 1,5 მილიონი მოსწავლის ცოდნის შეფასების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ პირველი კლასის მოსწავლეების ცოდნის დონე, მათი წინამორბედებისას მკვეთრად ჩამოუვარდებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სექტემბერში სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ამ ასაკის ბავშვებს გაცდენილი მასალის ასანაზღაურებლად მეტი დრო დასჭირდათ.

ანგარიშის ავტორის თქმით, სკოლების ხელმძღვანელების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ოჯახების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მათი ასაკის შესაბამისად არ მეცადინეობენ. მისი აზრით, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ის მოსწავლეები არიან, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს პირველ კლასში იყვნენ.

გასულის წლის მარტში, სკოლების დახურვამდე, პირველი კლასის მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისი ცოდნა წერა-კითხვასა და მათემატიკაში 82% და 83-ით აჩვენეს. 2020 წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 60% და 59%-დე დავარდა.

ანგარიშის თანახმად, 10-11 წლის მოსწავლეების, ანუ დაწებითი სკოლის ბოლო, მეექვსე კლასის მოსწავლეების, ცოდნის შეფასებამ მხოლოდ რამდენიმე პროცენტიანი რეგრესი აჩვენა.

„ეჭვგარეშეა, რომ დაბალი კლასის მოსწავლეები სკოლების დახურვის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სკოლაში ისეთი უნარების ათვისება ხდება, როგორიცაა მოსმენა, გააზრება, ურთიერთთანამშრომლობა, რაც თავის მხრივ სწავლაში განხორიელებული პროგრესის საწინდარია. კარანტინის დროს ბავშებს ამ უნარების განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ“, – ამბობს ფრაზერ ვესტმორლანდი, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი და კენტის დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ეთმობა. ამ მოსწავლეებში ცოდნის 30%-იანი ვარდნაა. ცოდნის რეგრესი ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება. ექსპერტების აზრით, ამ მაჩვენებლებს ორი მიზეზი განაპირობებს: მოსწავლეებს არ აქვთ მასწავლებელთან პირდაპირი კონტაქტი და მათ სახლში მშობლები ვერ ეხმარებიან.

ექსპერტების აზრით, ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მოსწავლეებში არსებული დანაკარგის აღმოსაფხვრელად, მთავრობის მიერ ამ სფეროსთვის გამოყოფილი 1,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი საკმარისი არ იქნება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: The Guardian

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური