GE

დეპუტატი კანონების დაწერის პროცესში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ჩართვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის შესახებ მისაღები კანონის შეფასებისას, მმართველი გუნდის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ კოლეგებს ურჩია, რომ სასურველია, ასეთი მნიშვნელოვანი კანონი გამართული ქართულით იყოს დაწერილი და მომავალში ამ პროცესში სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღოს მონაწილეობა.

„ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც უშუალოდ კანონის შინაარსს არ ეხება, როცა ეს დოკუმენტი დგებოდა, მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, – რის ვაი-ვაგლახით შევქმენით ენის დეპარტამენტი და როდესაც ამხელა მნიშვნელობის კანონზეა საუბარი, ამხელა სისქის წესსა და რიგზე, ბარბარიზმებით არ უნდა იყოს სავსე დოკუმენტი”, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მშობლიურ ენაში ყოველგვარი აზრის შესატყვისი სიტყვა არსებობს და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ბარბარიზმს „ჩამოვეკიდოთ“. კარგი იქნება, რომ ენის დეპარტამენტმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი სამსახური გაუწიოს:

„ენის დეპარტამენტი, იმისთვისაა შექმნილი, რომ გავუფრთხილდეთ ყველგან ჩვენს ენას, განსაკუთრებით – პარლამენტში. ყველა სიტყვას აქვს ქართულ ენაში თავის შესატყვისი, თუმცა გვაქვს სიტყვები, რომლებიც ჩვენს ენაში შემოსულა და მერე ძალიან ბუნებრივად დარჩენილა, როგორიცაა მაგალითად, ლიანდაგი, თვითმფრინავი და სხვა და არც ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჩვენ, რატომღაც, გავრბივართ იქითკენ, რომ მაინცდამაინც ბარბარიზმს ჩამოვეკიდოთ! ახლა კი რაღა დროსია, მაგრამ იქნება შემდგომ მაინც, ჩაერთოს ენის დეპარტამენტი. რისთვის არის აბა, თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ გაუწევს სამსახურს?”, – აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური