GE

დეპუტატი უმრავლესობიდან – პროფესიული განათლების მიმართულებით, რეალურად, შედეგი არ გვაქვს

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი, ქვეყანაში პროფესიულ განათლების განვითარების ტემპებით უკმაყოფილოა. მისი თქმით,  გეგმებზე მრავალწლიანი საუბრების მიუხედავად, რეალური შედეგები არ ჩანს.

ამის შესახებ, ნინო წილოსანმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ისაუბრა, სადაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის ახალი რეგლამენტის ფარგლებში, სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„პროფესიონალი კადრების არ არსებობა გარკვეულწილად არის პრობლემა. პროფესიული განვითარების მიმართულებით, ცოტა ირონიულად უნდა ვთქვა, რომ ამ კუთხით დიდი ხანია ვმუშაობთ, მაგრამ რეალურად შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მინისტრის თქმით კი, პროფესიონალური განათლების თვალსაზრისით,  მისი უწყება  ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაშია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  „ეს არის პრინციპულად საერთო პროგრამა”, – თქვა მან.

თუმცა, ეს პასუხი დეპუტატისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, მან თანამდებობებიდან იმ პირების წასვლა მოითხოვა, რომლებიც, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, შედეგებზე არიან პასუხისმგებლები.

„კონკრეტულად რა შედეგები გვაქვს? ეს ხომ გაზომვადია? და თუ შედეგები არ გვაქვს მოვითხოვოთ იმ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ვისაც აბარია ეს სფერო და რეალურად ვერ ართმევს თავს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი ქობულიას განმარტებით, 2019 წლის გეგმებში პროფესიული გადამზადების მასშტაბები გაცილებით დიდია და შედეგებიც უფრო შთამბეჭდავი უნდა იყოს.

„გვჭირდება ბევრად უფრო მეტი მასშტაბი პროფესიული გადამზადების, და ეს არის საფუძველი ჩვენი პროგრამის. ანუ, მთელი ეს გადამზადება, რაც აქ (სამოქმედო გეგმაში) არის ნაჩვენები, რაღაცა მასშტაბით ყოველთვის იყო და რაღაც შედეგებს ვიღებდით, მაგრამ ჩვენ ახლა 100 კაცი კი არ გვინდა, 1000 კაცი გვინდა გადავამზადოთ, რომ რეალური შედეგი მივიღოთ“, – დასძინა გიორგი ქობულიამ.

თ.ვ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური