GE

დევიდ ჰენდლი: „ზოგიერთი სკოლა საერთოდ არ ახსენებს პროფესიულ განათლებას“

ქვეყანაში, სადაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს უმაღლესი განათლება აქვს, უმუშევრობა #1 პრობლემაა. ერთნი უიმედოდ ეძებენ სამსახურს, სხვები კი კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობენ. სად სცდება ერთმანეთს საგანმანათლებლო სფერო და შრომის ბაზარი? როგორ ირჩევენ მოსწავლეები პროფესიას? აგროვებენ ინფორმაციას მომავალი პროფესიის მახასიათებლების, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ თუ სუბიექტური წარმოდგენების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას? რამდენად ეხმარება სკოლა მოსწავლეს პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებაში? ამ თემებზე მასშტაბური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა ფოკუს ჯგუფები გამოიკითხა, მათ შორის სტუდენტები, მშობლები და მასწავლებლები. გამოკითხვის შედეგად, ის ნაკლოვანებები გამოიკვეთა, რაც სკოლებში კარიერის დაგეგმვის სწავლებას ახლავს. გამოკითხვის შედეგებისა და კარიერული განათლების შესახებ EDU.ARIS.GE–ს პროექტის ხელმძღვანელ, დევიდ ჰენდლი ესაუბრა.

-ჩვენ მიერ გამოკითხულ არცერთ სტუდენტს არ გაუვლია კარიერული განათლების გაკვეთილები სკოლებში, მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ მასწავლებლები ესაუბრებიან მათ მომავალ კარიერულ არჩევანზე, თუმცა ეს არ ხდება სისტემატურად. ზოგიერთი სკოლა საერთოდ არ ახსენებს პროფესიულ განათლებას, ხოლო იქ სადაც სტუდენტებმა აირჩიეს პროფესიული განათლება, მასწავლებელთა მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა იგრძნეს. გადაწყვეტილების პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება გამოცდების შედეგები. როგორც წესი, მაღალი ქულის მქონე სტუდენტები ირჩევენ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების მიმართულებით. თუმცა, ერთერთმა სტუდენტმა, რომელმაც პროფესიული განათლების მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, გვითხრა, რომ მისი არჩევანი არ მოიწონეს არც მშობლებმა და არც მასწავლებლებმა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტუდენტმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მასწავლებლების მხრიდან იგრძნო, ვიდრე მშობლებიდან.

რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული განათლების სწავლება სკოლაში?

– კარიერული განათლება მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მომზადებას შრომის ბაზრისთვის. გარე ფაქტორები, როგორიცაა მშობლები, თანატოლები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მაგრამ ურთიერთსაპირისპირო აზრებმა შეიძლება დააბნიოს ახალგაზრდა, ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული ინფორმაცია რომ მათ საკუთარი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე. ახალგაზრდები უნდა იყვნენ ინფორმირებულები თუ რა შესაძლებლობები არსებობს როგორც შრომის ბაზარზე, ასევე გადამზადების და უმაღლესი განათლების მიმართულებით. სკოლამ კი სწორედ მიუკერძოებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ამ შესაძლებლობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება ითვლება საუკეთესო გადაწყვეტილებად და ასეც არის ბევრი მოსწავლისთვის, არსებობს სხვა მდგრადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რის შესახებაც მოსწავლე უნდა იყოს ინფორმირებული. კარიერული განათლების გაკვეთილები ამ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვანი წყაროა.

-როდის არის მართებული, დაიწყოს ბავშვმა/სკოლამ/ოჯახმა კარიერულ განათლებაზე ფიქრი

-კარიერული განათლება და დაგეგმვა უნდა იყოს განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილი. კარიერული მენეჯერები სკოლაში თუ კოლეჯში უნდა ეხმარებოდნენ მოსწავლეებს დააკავშირონ მათი ინტერესები და უნარები მათ მომავალ კარიერას. სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება ადრეულ ასაკში დაეხმარებათ მათ, რომ საკუთარი იდეები განიხილონ ოჯახებშიც. აუცილებელია მუშაობა მშობლების ინფორმირების კუთხითაც, რომ მათ ესმოდეთ თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით არის შესაძლებელია მომავალი კარიერის შერჩევა. საერთაშორისო სტანდარტებით, მოსწავლის კარიერული განათლება და დაგეგმვა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, მეცხრე კლასის მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს  თუ რა უნარები და ინტერესები აქვს, და რაც მთვარია, ინფორმირებული უნდა იყოს თუ რა შესაძლებლობები და არჩევანი აქვს მას, მომავალი პროფესიის შესარჩევად.

-რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, სკოლამ აიღოს თავის თავზე და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მოუწყოს ექსკურსიები სხვა და სხვა სამუშაო ადგილებზე?

-მსგავსი ვიზიტები კარიერული განათლების მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაინახონ რეალურად თუ რა ხდება სამუშაო პროცესში და რა მოთხოვნები აქვს დამსაქმებლებს. სამუშაო გარემოს სპეციფიკის დანახვა, ხშირ შემთხვევაში, ეხმარება მოსწავლეს გაანალიზოს თუ რას ნიშნავს იყო ამა თუ იმ დარგის პროფესიონალი, ასევე საწარმოებში ვიზიტები ეხმარებათ მათ გაიგონ უფრო მეტი ზოგადად ინდუსტრიის შესახებ.

რას მოიცავს თქვენი პროექტი, როგორ ეხმარებით განათლების სამინისტროს და რა გზებით აღწევს თქვენი გეგმები მოსწავლემდე?

– პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, 16 მლნ. დოლარით დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ. (აშშ-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.) ჩვენ ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა შეიქმნას სისტემური პროგრამა კარიერული განათლების შემოღების მიმართულებით. ამ კუთხით, კონსულტაციას ვუწევთ სამინისტროს კარიერული განათლების სტრატეგიის და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კუთხით და ასევე, ვუტარებთ ტრენინგებს და სემინარებს მასწავლებლებს კარიერულ განათლებასა და დაგეგმვაში.

განათლების მინისტრმა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგემვის სამსახური გააუქმა

პროფესიული განათლება

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური