GE

დღეიდან საბავშვო ბაღები იხსნება, უნივერსიტეტები და პროფსასწავლებლები კი, გახსნის პირველ ეტაპზე გადადიან

დღეიდან საბავშვო ბაგა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება, უმაღლესი სასწავლებლები კი, სურვილის შემთხვევაში კვლევით და გამოცდების ნაწილს უნივერსიტეტის სააუდიტორიო სივრცეში წარმართავენ.

შეზღუდვების შემსუბუქება 15 მარტს გაგრძელდება, როდესაც უნივერსიტეტებში უკვე ლექციების ჩატარებაც დასაშვები უნდა გახდეს.

„რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს, აქ ორ ეტაპად გვაქვს გაყოფილი პროცესი, კერძოდ: 1-ლი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეთანხმებით ინდივიდუალურად მიიღებენ. შემდეგი ეტაპი, ანუ საქმიანობის სრულად აღდგენაა – მათ უფლებამოსილება ენიჭებათ, რომ აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი ანუ ლექციები აუდიტორიებში 15 მარტიდან განაახლონ. ეს არის მათი უფლებამოსილება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ისევ ჩვენთან შეთანხმებით მიიღებენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. აღმზრდელ-მასწავლებლებს კი, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირების გავლა მოუწევთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური