GE

„დიახ, სამინისტრო ადასტურებს, რომ  2000 საჯარო სკოლაში ერთნაირად კარგი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები არ არის“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სამინისტრო ადასტურებს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებულ პრობლემების არსებობას და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს საკითხი გადასაჭრელად.

კითხვა ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრის მოადგილეს დაუსვეს.

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ 108 სკოლაში ჩატარდა მოკვლევა, სადაც დაფიქსირდა რომ არსებობს პრობლემები სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით და ცალსახად ვამბობთ, რომ დიახ, სამინისტრო ადასტურებს, რომ  2000 საჯარო სკოლაში, ყველგან ერთნაირი, სასურველი, კარგი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და შესაბამისი პირობები არ არის. ჩვენ  ეს ვიცით. აქ არის მთვარი კითხვაზე პასუხი – რას ვაკეთებთ, რომ ეს სისტემა გაუმჯობესდეს? ამ მიმართულებით გასამმაგებული ბიუჯეტის ფარგლებში გვაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები: ეს არის სანიტარული კვანძების მოწესრიგება, ეს არის გათბობა და კარ-ფანჯარა და ეს არის სახურავი,“ – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა 6 რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის იყო დიდი და პატარა სკოლები როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. გამოვლინდა, რომ სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.

მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, სკოლის სანიტარიული ობიექტები მოქმედი, სრულად ტექნიკურად გამართული და სუფთა 108 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 18 საჯარო სკოლაშია (16.7%).

“სკოლების ფიზიკური გარემოსა და სანიტარიული წერტილების დათვალიერება ცხადყოფს, რომ სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.

სკოლების ნაწილში მოქმედი საპირფარეშოები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია, ნაკლედ გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ.საპირფარეშოს ჯიხურებში შემთხვევათა მხოლოდ 44.4%-შია ხელსაბანი საპონი, შემთხვევათა 26.9%-ში – ხელსაწმენდი, ხოლო 25.9% – მუშაობს წყალჩამრეცხი სისტემა. საგულისხმოა, რომ შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება უფუნქციო წყალჩამრეცხ სისტემას, ანტისანიტარიას, სპეციფიკურ სუნს და ა.შ.”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური