GE

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა KIU-ს სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა

22 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი შეხვდა KIU-ს ადმინისტრაციას და აკადემიურ გუნდს, ასევე, გაეცნო საუნივერსიტეტო ქალაქს და სასწავლო პროცესს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მარკ კლეიტონმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები“. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვების დასმა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვესტუმრა დიდი ბრიტანეთის ელჩი, ბატონი მარკ კლეიტონი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მისი ვიზიტი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე, KIU-სა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტების განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი, რომელმაც დაათვალიერა უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბრიტანეთის მთავრობას აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობა, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც KIU-ში ახორციელებს ინგლისური ენის სწავლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გახლავთ, რადგანაც ჩვენს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ჩაუტარონ ინგლისურ ენაში ლექციები. შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან KIU-ს მომავალ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. მე ვამაყობ, რომ ბრიტანეთის საბჭო, უნივერსიტეტში ინგლისური ენის მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათ ვესაუბრე ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.

გასულ თვეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსში. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური