GE

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ერთ კვირაში დამატებით 10-ათასზე მეტმა მოსწავლემ მოითხოვა

4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლების შემდეგ, მოსწავლეთა მშობლებს სურვილისამებრ, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ. სწავლის სკოლებში დაწყების დღისთვის, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც უარი თქვა სკოლაში წასვლაზე და დისტანციური სწავლება აირჩია 23 994-ს შეადგენდა.

მშობლებს დისტანციური სწავლების გაუქმებისა და არჩევის შესაძლებლობა ყოველ ხუთშაბათ დღეს აქვთ და ამის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან ერთ კვირაში შეცვლილი მაჩვენებლები მოითხოვა.

როგორც 15 ოქტომბერს, ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზნით დამატებით 10 457 პირი დარეგისტრირდა. გაუქმების სურვილი და ისევ დასწრებულ რეჟიმში დარჩენა კი, იქამდე არსებული 23 994-დან მხოლოდ 1 448-მა გამოთქვა. ეს მონაცემები 8 ოქტომბრიდან 15-ოქტომბრის ჩათვლით არსებული მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ რეგიონების მასშტაბით, ყველაზე დიდი რიცხვი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით კახეთიდან არის: გურჯაანი 1634, თელავი 1584.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, დისტანციური სწავლება ერთ კვირაში 4 992-მა მოსწავლემ მოისურვა. ყველაზე დიდი გაუქმების მაჩვენებელიც თბილისზე მოდის და 1 448 მოსწავლიდან, კვლავ დასწრებული სწავლების ფორმატზე გადასვლისთვის 926 პირი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ:

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური