GE

„დისტანციურად სწავლის არანაირი სურვილი არ მაქვს!“ – მოსწავლეები და მშობლები სკოლების დახურვის მოლოდინში

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დაძაბულია. მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. მათ შორის არიან სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლები და მოსწავლეები. იმის მიუხედავად, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია, მაინც არის მოლოდინი, რომ მოახლოებული მესამე ტალღის პირობებში სასწავლო პროცესი ისევ სრულად დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება და 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიც ამ რეჟიმში დასრულდება.

მშობლებისა და მოსწავლეების ამ მოლოდინს ისიც ამძაფრებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისად, დაისვენებენ სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და საბავშვო ბაღებიც.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მოსწავლეების მშობლები ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით კვლავ იქმნება სკოლების დახურვის წინაპირობა, მაინც იმედი აქვთ, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ბავშვებს სემესტრისა და სასწავლო წლის სკოლებში დასრულების საშუალება ექნებათ.

თეო ჯანელიძე: „ჩემი შვილი მე-2 კლასშია და დიდი იმედი მაქვს, წელს მაინც შეძლებს სასწავლო წლის სკოლის კედლებში დასრულებას. შარშან ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. მე ვფიქრობ, სკოლები ყველაზე ბოლო უნდა იყოს, რომლის დახურვის გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს. სულ ვეცნობი სტატისტიკას და ვიცი, რომ დაბალია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. როცა სწავლა განახლდა, საკლასო ოთახებში ბევრი მშობელი მაინც შიშობდა, ეტარებინა თუ არა შვილი, მაგრამ პრაქტიკამ დაგვანახვა, რომ პანდემიის პირობებშიც შესაძლებელია სკოლებში იარონ ბავშვებმა და არ მოწყდნენ რეალურ სასწავლო პროცესს“.

ნათია ფირცხალავა: „ჩემი ორივე შვილი სკოლის მოსწავლეა. ოჯახის წევრებიც, თავად ბავშვებიც და სკოლაში ყველა იცავს რეკომენდაციებს. სკოლები თუ დაიხურა და სხვა რამე არა, ამას რა აზრი აქვს? ყველა გავდივართ გარეთ, ვმუშაობთ, შევდივართ მაღაზიაში. ვინ იცის, იქნებ ტრანსპორტში დაგვემართოს რამე. იქნებ, ეს სემესტრი მაინც გაგრძელდეს და დასრულდეს სკოლაში. დისტანციური სწავლის გაგონებაც აღარ მინდა. თუმცა უკვე ბევრი ფიქრობს, რომ უქმე დღეების შემდეგ სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გაგრძელდება“.

ლანა კაპანაძე: „ჩვენს სკოლაში როცა დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, გადავედით დისტანციურ სწავლაზე. ორი კვირის შემდეგ კი დავბრუნდით და ვაგრძელებთ სწავლას. მე ვფიქრობ,  რომ სკოლებში ისევ სწავლის შეწყვეტა და ბავშვების სახლში დასმა არ შეცვლის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას დადებითისკენ. ჯობს კონტროლი სხვა საკითხებზე გაამკაცრონ, იგივე პირბადის ტარებაზე. ქუჩაშიც კი აღარ უკეთია უკვე ბევრს. უპასუხისმგებლო მოქალაქეების გამო რატომ უნდა გადაიხადონ ბავშვებმა საზღაური. რადგან ხელშესახები ჯერ არ არის, რა ზიანი მოიტანა დისტანციურმა სწავლებამ, იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი არ დადგება მომავალში. ამიტომ, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სკოლებში სწავლა არ შეწყდეს.“

EDU.ARIS.GE ამ საკითხზე მოსწავლეებსაც ესაუბრა. მათ უმრავლესობას ასევე არ ხიბლავს ისევ დისტანციურად სწავლის პერსპექტივა.

სანდრო ჩუბინიძე, მე-7კლასის მოსწავლე: „ჯერჯერობით, რაც სწავლა დავიწყეთ, ჩვენს სკოლაში არ ყოფილა კორონავირუსის შემთხვევა. უკვე ორი თვეა დავდივართ და ჩვეულებრივ რეჟიმში ვსწავლობთ. ამიტომ, ისევ სახლიდან დისტანციურად სწავლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, ის უქმე დღეებიც, რაც გამოცხადდა, თითქმის სამი კვირა დასვენება გამოდის. რატომღაც მგონია, რომ სემესტრს ისე დავასრულებთ, სკოლებს ისევ დახურავენ, რადგან იზრდება შემთხვევების რაოდენობა“.

ნინო ცხოვრებაძე, მე-10 კლასის მოსწავლე: „დისტანციურად სწავლის არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩვენს სკოლაში იყო კორონავირუსის შემთხვევა უფრო დაბალ კლასში და თავად კლასი გადაიყვანეს ორი კვირა დისტანციურზე. შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი. უსამართლობის გრძნობა მიჩნდება, იმიტომ, რომ მე სკოლაში გაკვეთილზეც მიკეთია პირბადე, ვცდილობ დავიცვა რეკომენდაციები და ვიღაც რომ ქეიფზე უარს ვერ ამბობს, მე მაგის გამო სწავლაში ხელი მეშლება. იმედი მაქვს, არდადეგების მერეც ამ რეჟიმში გავაგრძელებთ სწავლას და ისევ ონლაინ არ მომიწევს მე-10 კლასის დასრულებაც“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, უკვე შეიძლება ვისაუბროთ ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაზე, დადებითობის მაჩვენებლის 4-პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში კი – ლოქდაუნზე.

ამავე თემაზე:

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური