GE

„ჯილდოზეც ამიტომ ვთქვი უარი“ – როგორია გამოცდაზე გასული საპენსიო ასაკის მასწავლებელთა მოსაზრება და პრეტენზიები

საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლები, რომელთაც უარი თქვეს ჯილდოს აღებაზე და სკოლაში დარჩენა გადაწყვიტეს, დღეს უკვე ჩაებნენ საგამოცდო ციებ-ცხელებაში. მათი შენიშვნები და პრეტენზიები განსხვავებულია სხვა მასწავლებლებისგან. თვლიან, რომ გამოცდის ჩაბარება შეურაცხყოფთ და ჯილდოზეც უარი იმიტომ თქვეს, რომ განათლების მიცემის უნარი არ დაუკარგავთ.

71 წლის ქეთევან ბუჩუკური გორში, პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერედან ჩამოვიდა. პედაგოგი ამბობს, რომ მისი ასაკისთვის დღევანდელი გამოცდის ჩაბარება, იმ პროფესიის შეურაცხყოფაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურება. იგი მიიჩნევს, რომ ასაკის მიუხედავად, ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიცემა კიდევ შეუძლია. შეთავაზებულ ჯილდოზე უარი სწორედ აქედან გამომდინარე თქვა.

,,ჩემი ასაკის პედაგოგისთვის, ეს გამოცდა, ძალიან ზედმეტი და შეურაცხმყოფელია. მე ჯილდოზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ გაკვეთილების ჩატარების უნარი არ დამიკარგავს“, გვითხრა ქეთევან ბუჩუკურმა.

გამოცდის ჩასაბარებლად სოფელ ნიქოზიდან ჩამოვიდა 73 წლის ჯულეტა ელუაშვილი.  ჯილდოს მიღებაზე მანაც უარი თქვა, რადგან თვლის, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა ჯერ კიდევ შეუძლია.

,,ეს გამოცდა ზედმეტია. მე თავს დამცირებულად ვგრძნობ. ამ გამოცდით მოწმდება, თუ რამდენად შეუძლია პედაგოგს იმ უნარ-ჩვევების გადაცემა მოსწავლეებისთვის, რაც მათ ესაჭიროებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ „ზემოთ“ ჩვენს უნარებში ეჭვი ეპარებათ. ჯილდოს არ ავიღებ. ჯერ არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ სახლში დავჯდე. მე მიყვარს სკოლა და მოსწავლეები“, – გვითხრა ჯულიეტა ელუაშვილმა.

ჯილდოზე უარი თქვა  67 წლის იზოლდა ხარატიშვილმა, რომელიც დღევანდელ გამოცდაზე ხელჯოხით მივიდა.  65 წლის პედაგოგის აზრით კი მასწავლებელმა სკოლაში იმდენ ხანს უნდა იმუშაოს სანამ ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობა მისცემს და არა ასაკი.

,,ოჯახური პრობლემა მაქვს. მეც და ჩემს მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს. პენსია არ მყოფნის და ამიტომ ვთქვი ჯილდოზე უარი. იძულებული ვარ, რომ გამოცდა ჩავაბარო. დღეს ძალიან ბევრი დავალებების ამოხსნა მომიწია. დავწერე მე ჩემებურად და ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს იზოლდა ხარატიშვილი.

200 ლარი მაქვს ხელფასი და რა ჯილდოზეა საუბარი. მე მირჩევნია სკოლაში ვიყო, ვიდრე მარტო დავრჩე სახლში. რაც ვიცოდი დავწერე და ხომ არ დამიჭერენ. ბევრი საკითხი იყო ისეთი, რაც არ ვიცოდი და მალე დავტოვე საგამოცდო ცენტრი. მე სკოლაში უსაფრთხოებასა და საგზაო ნიშნებს ვასწავლი“, – გვითხრა 65 წლის პედაგოგმა.

„შეიძლება ითქვას, რომ გამოცდაზე გასვლას გვაძალებენ“ – გამოცდიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები

პედაგოგებმა გამოცდაზე მოსული საკითხებიც განიხილეს. მათი აზრით გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

-,,საგნის გამოცდა აუცილებელია. პროფესიული უნარები,  სადაც ვისწავლეთ იქ გვაქვს შეძენილი. არ არის ლამაზი საქციელი პედაგოგი აიძულო გამოცდაზე მიიყვანო. ჩვენ გვაქვს მიღებული შესაბამისი განათლება და ამას შემოწმება არ სჭირდება“.

-,,არ იყო გამოცდა რთული. არაფერი მიმეცადინია, მაგრამ თითქმის ყველა დავალებას გავართვი თავი. სიმართლე რომ გითხრათ, გამოცდაზე გასვლა არ მინდოდა, მაგრამ იძულებულები ვართ. მიმაჩნია, რომ გამოდის ჩაბარება ჩვენი ასაკისა და გამოცდილების მქონე პედაგოგებს არ სჭირდებათ. ჩვენ, როდესაც ვსწავლობდით სასწავლებელში, მაშინ ყველაფერი გვაქვს ნასწავლი და სამუშაოსაც სათანადოდ ვასრულებთ“.

,,შეფასების კრიტერიუმები, პედაგოგის ქცევის წესები და გაკვეთილის დაგეგმვა. ამ საკითხებზე იყო დავალებები და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. არაა საჭირო ამ საკითხებში გამოსცადო ის პედაგოგები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სკოლაში გაატარეს. ეს ჩვენთვის დამცირებაა. გამოცდაზე მოუმზადებელი მოვედი და დარწმუნებული ვარ ჩავაბარებ კიდეც“.

-,,საჭირო იყო მეთოდების ცოდნა და პირადი გამოცდილება. იყო დავალება გაკვეთილის დაგეგმვასთან დაკავშირებით. იყო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე. არ იყო რთული. ყველა საკითხი არ მახსოვს, მაგრამ გამიმარტივდა. თავი კარგად გავართვი“, – გვითხრა ახალდაბის სკოლის პედაგოგმა მზია ბურჯანაძემ.

,,დედას გეფიცები, თუ კიდევ რამე მახსოვდეს. სააზროვნოები იყო და სიტუაციური ამოცანები. როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი სხვადასხვა სიტუაციებში და გამოსავალს როგორ მოძებნის. მსგავსი საკითხები იყო“, – ამბობს ფლავის საჯარო სკოლის პედაგოგმა.

,,ბულინგზე იყო დავალება. მოცემული იყო მოსწავლე თუ როგორ ექცეოდნენ თანაკლასელები და გვეკითხებოდნენ თუ როგორ გამოსავალს ვიპოვიდით პრობლემის მოსაგვარებლად. დანარჩენი არაფერი არ მახსოვს“, – გვითხრა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

დღევანდელი პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრირებულ პედაგოგთა 95%-მდე გამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური