GE

დროის დეფიციტი გაკვეთილზე – მიმდინარეობს თუ არა საგაკვეთილო პროცესი სრულფასოვნად?

პანდემიის პირობებში საკლასო ოთახებში დაბრუნება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სასიხარულო იყო, თუმცა პრობლემები, რომელიც დისტანციურ სწავლებას თან ახლდა, საკლასო ოთახებშიც გადავიდა. კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა დრო, რომელსაც მოსწავლეები სკოლაში გაატარებდნენ. ამისათვის მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ, საგაკვეთილო პროცესიდან 10-15 წუთი დაეთმოთ. დღეს კი, სასწავლო პროცესი შერეული სტილით მიმდინარეობს, როგორც დისტანციურად, ისე საკლასო ოთახებში.

მიღებული ინიციატივის შედეგად, საჯარო სკოლების I-IV კლასებში საგაკვეთილო ხანგრძლივობა 15-20 წუთია, V-IX კლასებში – 25-30, ხოლო დამამთავრებელ X-XII კლასებში 35-40 წუთი.

განურჩევლად სოფლისა და ქალაქისა, ასაკობრივი სხვაობისა და საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობისა, ყოველდღიურად კორონავირუსი სულ უფრო ვრცელდება, რის გამოც სკოლების ნაწილი სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

არის თუ არა კორონავირუსის პრევენციისთვის 10-15 წუთით გაკვეთილის შემცირება ეფექტური? ასწრებენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეების გამოკითხვას? ახალი მასალის ახსნას? და ტარდება თუ არა სრულყოფილი გაკვეთილი? – თითოეულ ამ კითხვაზე მასწავლებლებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ნაწილს მიაჩნია, რომ გაკვეთილების შემცირებით, მოსწავლეები ნაკლებ დროს ატარებენ სკოლაში, რაც მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციისთვის. ხოლო ნაწილი უკმაყოფილოა შემცირებული საგაკვეთილო პროცესით და ღელავენ, რომ შესაძლოა ვერ მოხერხდეს სასწავლო პროგრამის სრულად გავლა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე.

საჯარო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა ნაწილს უჭირს ღიად საუბარი და თავს იკავებენ, თამამად მიუთითონ განათლების სამინისტროს იმ პრობლემებზე, რაც სკოლებშია. მათი აზრით, რადგან განათლების სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელსაც სკოლის დირექტორებიც ეთანხმებიან, რიგითი მასწავლებელი უძლურია, წავიდეს მათ წინააღმდეგ. რამდენიმე მათგანმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ საკუთარი ჩატარებული გაკვეთილებით თვითონვე არ არიან კმაყოფილნი და მოსწავლეებიც აღარ იჩენენ დაინტერესებას სასწავლო მასალის მიმართ.

„ვატყობ, ბავშვები აშკარად მიეჩვივნენ სიმარტივეს, კამერიდან მასწავლებლის მოსმენას, გადაშლილი წიგნებით გაკვეთილის ჩატარებას და შემაჯამებელი სამუშაოების ერთობლივად დაწერას. ვითვალისწინებ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ დისტანციური გაკვეთილი მაინც იყოს 45 წუთი. რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, მიუხედავად მცდელობისა, ალბათ ვერ გავივლი ბოლომდე. მირჩევნია, რასაც გავივლით, ხარისხიანი იყოს და არა მოვალეობის გამო ახსნილი“, – განაცხადა ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგმა.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ამბობს, მისთვის მიუღებელი იყო საგაკვეთილო პროცესის შემცირება, რადგან 45 წუთშიც კი რთული იყო მოსწავლეთა გამოკითხვა/შეფასება და ახალი მასალის ახსნა, ახლა კი, გაკვეთილის ჩატარებას მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს.

„ჩემთვის თავიდანვე მიუღებელი იყო საგაკვეთილო პროცესის შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ 30-35 წუთში შეუძლებელია სათანადო დრო დავუთმო მოსწავლეს ან მასალას, რომელსაც ვხსნი. დამამთავრებელ კლასებში შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც სჭირდება დრო, რათა სწორად იქნას მიტანილი მოსწავლემდე, რისი თქმა სურს ავტორს. ასევე, მსგავსი მასალის ახსნისას, მნიშვნელოვანია მათი აზრი, შეხედულება, დამოკიდებულება, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და თითქმის ერთი წელია, ეს არ მომხდარა. არ გვაქვს დრო, არ გვაქვს დისკუსიის შესაძლებლობა და ვერ ვატარებთ სრულყოფილ გაკვეთილებს. მიმაჩნია, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული გაკვეთილი მაინც უნდა იყოს სტანდარტულად 45 წუთი“, – ამბობს მასწავლებელი.

სამტრედიის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგს, ჯულიეტა ლეჟავას კი მიაჩნია, რომ შემცირებული საგაკვეთილო პროცესი, როდესაც საკლასო ოთახში ტარდება, კორონავირუსის პრევენციისთვის არ არის ეფექტური.

„მიმაჩნია, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დიდად არ არის მნიშვნელოვანი შემცირებული დრო. ისეთი კლასები, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 20-ზე მეტია, საჭიროებს მეტ დროს და ხშირად, როდესაც დროის უქონლობა მიშლის ხელს, მოსწავლეებს ვუკავშირდები სოციალური ქსელით და ვატარებთ გაკვეთილს. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვცდილობ დაკლებული დრო შევავსო“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მუსიკის პედაგოგმა.

თბილისის მე-60 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო გაბეხაძე გვესაუბრა პრობლემებზე, რომელიც შემცირებულ საგაკვეთილო პროცესს ახლავს თან. მისი თქმით, 45-წუთიანი გაკვეთილებიც არ არის საკმარისი და კიდევ უფრო შემცირება საგაკვეთილო პროცესის ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. როგორც მან აღნიშნა, გაკვეთილის ახსნას ახერხებს, თუმცა ვერ ახერხებს დავალებების სრულყოფილად შემოწმებას, რაც ყოველი გაკვეთილის ბოლოს დანაკლისის გრძნობას აჩენს.

„შემუშავებული რეკომენდაციები საკმაოდ კარგია კორონავირუსის პრევენციისთვის, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად კარგად სრულდება ეს რეკომენდაციები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდ შედეგს არ გვაძლევს 15 წუთით გაკვეთილების შემცირება. უკეთესი იქნება სხვა შეზღუდვების კონტროლი ხდებოდეს, რაც ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემდა ამ მიმართულებით“, – აღნიშნავს პედაგოგი ნინო გაბეხაძე.

თბილისის 212-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ეკა ხაჩიძეს მიაჩნია, რომ მასწავლებელს სრულყოფილი გაკვეთილის ჩატარება ყოველთვის შეუძლია:
„სრულყოფილი გაკვეთილის ჩატარება ყოველთვის შეუძლია მასწავლებელს, დროის მონაკვეთის განსაზღვრის მიუხედავად. ვინაიდან ახალი მასალის გაცნობა მოსწავლეების აქტიურობითა და ჩართულობით მიმდინარეობს თითქმის ყოველთვის. აქაც თავს ვართმევთ გამოწვევას. რაც შეეხება სასწავლო მასალას, არასოდეს მიხელმძღვანელია სილაბუსის მიხედვით. კლასის საჭიროების მიხედვით განვსაზღვრავ, როდის გადავალ ახალ მასალაზე და შესაბამისად, კლასის მიხედვით ინდივიდუალურია პროგრამის დაძლევა“.

სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების „წარმატებაზე“ მეტყველებს ყოველდღიური კოვიდსტატისტიკა, დისტანციურ რეჟიმზე გადასული სკოლები და მასწავლებელთა დამოკიდებულება, რომელთა უმრავლესობის აზრით, სრულფასოვანი გაკვეთილი ერთ წელზე მეტია არ ჩატარებულა.

როგორ მოქმედებს ქულები მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებაზე? – „მინდა, სკოლაში ნიშნები არ იწერებოდეს“

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური