GE

ძალადობაში ბრალდებული პედაგოგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

თელავის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ,  სასამართლომ  29 ივნისს უდანაშაულოდ ცნო. პედაგოგ ნანა გარჯიკაულს, მე-6 კლასის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

“ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოსაც არ იყო, ამიტომ გავასაჩივრე სასამართლოში დადგენილი წესით. სამწუხაროდ პანდემიის გამო მოგვიანებით ჩატარდა სასამართლო. თითქმის წელიწადზე მეტი მომიწია ლოდინი და დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა. სასამართლომ დირექტორის ბრძანება სკოლიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო, ასევე, სკოლას დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ურთულეს პერიოდში მამხნევებდნენ საკუთარი მოსწავლეები და ის ადამიანები ვისაც სჯეროდათ, რომ მე მსგავსი რამის ჩამდენი არ ვიყავი”, – განაცხადა პედაგოგმა.

შემთხვევა გასული წლის 22 იანვარს მოხდა. თელავის პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, ფაქტს ადასტურებდა სკოლის დირექტორიც. მისი განცხადებით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესზე მოხდა და სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

დირექტორმა ფაქტის შესწავლის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტსაც მიმართა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებასაც მოაწერა ხელი. მოსწავლის დედის ინფორმაციით, კი მისი შვილი მასწავლებლის მოთხოვნას,საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.

წყარო: knews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური