GE

„ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე, ბავშვებმა არ იციან რას ეთამაშებიან!“-მოსწავლეებში კანაფის მომხმარებელთა რიცხვი საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა

„რეპორტაჟი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან. რა ჯობია გაკვეთილებამდე კარგად რომ დაბოლდები. ამ ბუნკერში იყრება ნახმარი ბოთლ–საბუყბუყოები, რითიც ეწევიან მოსწავლეები მარიხუანას. ამ მოსწავლეების ბოლოც ეს ბუნკერია იმიტომ, რომ უმეტესობა მსუბუქი ნარკოტიკიდან ძლიერზე გადადის და ეს გზა სინამდვილეში ჩიხია, სიკვდილი! ამ საქმეს შველა უნდა! მარიხუანას მწეველების ასაკი უკვე 11 წელია SOS!“ , – ეს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, პროფესიით კინოხელოვანის და „კავკასიური სახლის“ შაბათ-კვირის სკოლის მასწავლებლის სტატუსია, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თან ფაქტის ამსახველი ფოტოები დაურთო…

კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მარიხუანას მოხმარება სკოლებში საგანგაშო მაჩვენებელს რომ მიუახლოვდა, ამ ფაქტს სპეციალისტებიც ადასტურებენ. მათი განმარტებით, მომხმარებელთა უმეტესობა გოგონაა. მოსწავლეები უკვე დემონსტრაციულად, სკოლის ეზოშიც ეწევიან და თვლიან, რომ ეს მათი უფლებაა, რის გამოც მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს. ახალგაზრდების ნაწილი კანაფის მოხმარებას „კარგ ტონად“ მიიჩნევს, რაც თვითდარწმუნების, თვითწარმოჩენის საშუალებას აძლევთ და თითქოს მათ ცივილურობასა და ევროპასთან მეტად სიახლოვეზე მეტყველებს.

„ევროპულ თავისუფლებას ხვდებიან ჰალუცინაციებით და ფსიქოზით. რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მკურნალობას არ დაექვემდებარნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავაგზავნეთ. სახელმწიფოებრივ დონეზე ყველა სტრუქტურა უნდა ჩაერთოს! ხალხო, ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე, ბავშვებმა არ იციან რას ეთამაშებიან!“, – აღშფოთებას ვერ მალავს EDU.ARIS.GE – სთან საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თემურ გოგიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ნევროლოგი მირიან წიკლაური კი, „ბოთლ-საბუყბუყოებში“ გამზადებულ ნივთიერებას მსუბუქ ნარკოტიკად სულაც არ მიიჩნევს და ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ახალგაზრდებში, კერძოდ, სკოლის მოსწავლეებში, კანაფის მომხმარებელთა საგანგაშოდ მომატებულ რიცხვს აფეთქებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი თაობათა დამღუპველს უწოდებს. EDU.ARIS.GE –სთან საუბარში დეპუტატი განმარტავს, რომ კანაფის მოხმარება ადამიანის ორგანიზმში ფსიქოზის გამშვები და ხშირ შემთხვევაში მისი გამომწვევი მექანიზმის ფუნქციას ასრულებს და ყველა სხვა ნარკოტიკზე მეტად, ჭკუასუსტობას იწვევს.

„ვის მოუვიდა ჭკუაში, რომ კანაფი მსუბუქი ნარკოტიკია? პირველივე მოწევაზე შეიძლება ისეთი ფსიქოზი გამოიწვიოს, რომ ადამიანი ცხოვრებაში ვეღარ განიკურნოს. ეს არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკი და შედეგები პირდაპირ გენეტიკურ აპარატზე მოქმედებს, იწვევს ჭკუასუსტობას და ფსიქოზის ურთულეს ფორმებს, ხშირ შემთხვევაში, რასაც ნევროლოგი კი არა, ფსიქიატრიც ვეღარ შველის. როდესაც ამ თემებს გავდიოდით, პირდაპირ წესებშია მითითებული, რომელი ნარკოტიკი იწვევს გენეზიას და მათ შორის პირველი კანაფია“, – აღნიშნავს მირიან წიკლაური.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა სკოლებში საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მშობლები და პედაგოგები ხშირად მიმართავენ ამ პრობლემით დეპუტატებს, განათლებისა და შს სამინისტროებს.

„ბავშვები უკვე ეწევიან პარკებში, სკვერებში, სკოლის ეზოში და ამას დემონსტრაციულად აკეთებენ… უამრავი ახლობელი ტოქსიკოლოგი მყავს და ვიცი, რომ აფეთქებასავით იმატა კანაფის მოხმარებამ განსაკუთრებით არასრულწლოვნებში და რაც ყველაზე ცუდია, მომავალ დედებში, გოგონებში. იყო რამდენიმე შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე, მაქვს ინფორმაცია, თუმცა, რადგან საჯარო პირი ვარ, სკოლებს ვერ დავასახელებ“, –აღნიშნავს წიკლაური.

მისივე თქმით, დღემდე არავის შეუსწავლია, როგორია ქართველთა გენეტიკური განწყობა მარიხუანას – ქართულად კანაფის, ან სხვა ნარკოტიკის მიმართ და თუ შეისწავლიან, სანუგეშოსაც ვერაფერს აღმოაჩენენ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

„როდესაც რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაცია ასეთ [დეკრიმინალიზაციის] გადაწყვეტილებას ღებულობს, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე სახიფათო ტენდენცია, ყველა რისკი, რაც შეიძლება ამას მოყვეს, მათ შორის, ჩვენი გენეტიკური განწყობა ნარკოტიკების მიმართ, რაც საერთოდ არ არის შესწავლილი“, – აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.

ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა დაავადების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემა, თუმცა მონაცემების დამუშავებას დრო სჭირდება და წლის ბოლოს, როცა უკვე ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური მონაცემები იქნება მზად, პროფესორ თემურ გოგიძის განმარტებით, ყველასთვის ნათელი გახდება, როგორ მოიმატა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, თბილისსა და რეგიონებში, კანაფით ინტოქსიკაციის მიმართვიანობის შემთხვევებმა. მისივე თქმით, მომხმარებელთა უმეტესობა ახალგაზრდაა, საგრძნობლად გაიზარდა მარიხუანას მომხმარებელი გოგონების რიცხვი, ბოლო ხანებში კი უკვე, ხანშიშესული მომხმარებლებიც გამოჩდნენ.

„მას შემდეგ, რაც კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაცია გამოცხადდა, ახალგაზრდებში გავრცელდა მოსაზრება, რომ მარიხუანა, თითქოს, სულაც არ ყოფილა საზიანო, რასაც მეტ-ნაკლებად მედიასაშუალებებიც უწყობენ ხელს. მომხმარებელთა უმეტესობა, რაც ვნახეთ, გოგონები არიან, მათ შორის ისეთები, რომლებსაც სიგარეტიც არ მოუწევიათ აქამდე და პირველად მოწიეს მარიხუანა. სამწუხაროდ, პირველივე მოწევის შემდეგაც, ამ ნივთიერებას შეუძლია ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს, რასაც შემდგომ მთელი ცხოვრება ვეღარ დაძლევს ადამიანი“, – ამბობს ექიმი.

კინოხელოვანი მასწავლებელი კი, EDU.ARIS.GE–სთან აღშფოთებას ვერ მალავს და ზემოაღნიშნული სტატუსის გამოქვეყნების მიზეზსაც განმარტავს. „კავკასიური სახლის“  შაბათ-კვირის სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ კარგა ხანია, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და ყოველ დილით სანაპიროზე ვარჯიშობს. ასევე, ყოველ დილით, ხვდება სკოლის მიმდებარე სკვერში, ბუნკერთან ჩაცუცქულ ბავშვებს, რომლებიც პლასტიკატის ბოთლში შეკეთებულ ნივთიერებას ჩაისუნთქავენ და „დაბოლილები“ სკოლისკენ მიემართებიან.

„პირველად რომ დავინახე, გადავირიე. ვერ მივხვდი რას აკეთებდნენ, ხუთი ბავშვი იდგა სკოლის წინ მდებარე სკვერში, სადაც მე ვვარჯიშობ ხოლმე. შევატყვე, რომ ხალხს ერიდებოდნენ, მათ შორის გოგონაც იყო. კარგა ხანს ერთმანეთში ჩუმად ლაპარაკობდნენ, შემდეგ, კედლის უკან ბუნკერთან ჩაიცუცქნენ… თვალს ვადევნებდი, ვერ მივხვდი იქ რას აკეთებდნენ, რადგან მოწევის დროს კვამლი ბოთლში გროვდება და ზემოთ არ ამოდიოდა, რომ დამენახა. როცა იქიდან გამოძვრნენ და გვერდით ჩამიარეს, ყველაფერს მივხვდი. განიხილავდნენ თან, ვინ რამდენი ნაფაზი დაარტყა… მას შემდეგ იქ ბავშვებს ყოველდღე ვხედავ, იმავე ადგილას, იგივე მდგომარეობაში, ხან გაკვეთილების დაწყებამდე ასწრებენ, ხან ცოტა მოგვიანებით გამოდიან. რა აღარ მინახავს, მაგრამ ასეთი ფაქტი? – ბავშვები „ბოლდებიან“ და სკოლაში „დაბოლილები“ შედიან, ამაზე უარესი რა შეიძლება, წარმოიდგინო?

კითხვაზე, რას ეუბნება ასეთ დროს ბავშვებს, ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ რაიმეს თქმა ვერაფერს გამოასწორებს.  

„რა უნდა ვუთხრა? ჯერ ერთი, ისეთ დიდ გულზე არიან, თვლიან, რომ არავის აქვს უფლება, შენიშვნა მისცეს და მათ საქმეში ჩაერიოს, მეორეც, რას გააწყობ, რომ უთხრა კიდეც? – შეიძლება მხოლოდ ლოკაციის ადგილი შეიცვალონ. მაქვს ამის გამოცდილება და ამიტომ გეუბნებით. მთელი ზაფხული თბილისის ზღვაზე დავდივარ სავარჯიშოდ, იქ ამოდიან ხოლმე უბნის ბავშვები, ერთად დიდ დროს ვატარებთ, უფროს მეგობრად მთვლიან და თუ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვეუბნებოდი, ჩემ გვერდით სიგარეტი არ მოწიოთ და არ შეიგინოთ-მეთქი, ახლა უკვე კანაფი არ მოწიოთ-მეთქი, ვაფრთხილებ.

“ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. მათ შორის ყველაზე უმცროსი 11 წლისაა, დანარჩენები 14-ის. 14 წლის ბიჭებს მიჰყავთ ხოლმე ის პატარა და „აბოლებენ“. მილიონჯერ გავაფრთხილე, როგორ აღარ ავუხსენი და ვთხოვე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. იქვე გადასახტომი ტრამპლინი გავაკეთე, ერთი ჩემთვის და ერთიც მათთვის, ბავშვები თვითონაც მეხმარებოდნენ… ერთხელაც, ვხედავ, რომ ტრამპლინზე ასული ბავშვი უცებ გადმოვარდა, გონება დაკარგა და ქვებში თავით ჩავარდა. იქვე რომ არ ვყოფილიყავი და არ დავხმარებოდი, არ ვიცი რა მოხდებოდა. გონზე რომ მოვიდა, მითხრა, არ მახსოვს რა დამემართა, „დაბოლილი“ ვარო. გადავირიე, როგორ აღარ ავუხსენი, ღმერთის ნიშანია, ნამდვილად, რაც დაგემართა და ამის შემდეგ მაინც ხელი აღარ მოკიდო-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე მდგომარეობაში ვნახე. წარმოგიდგენიათ? – სიკვდილს გადაურჩა და მეორე დღეს ისევ „კაიფში“ იყო…

მასწავლებელი მიიჩნევს რომ, პრობლემა ოჯახებიდანაც მოდის და ასეთ შემთხვევაში ბავშვისთვის ნოტაციის კითხვა უშედეგოა.

„მამაკაცი ოჯახის მარჩენალის ფუნქციას ვეღარ ითავსებს და ხმასაც ვერ იღებს, რასაც შვილები „სათავისოდ“ იყენებენ, დაუსჯელობის განცდა აქვთ. პრობლემის გადაწყვეტაში მშობელი, სკოლა და სახელმწიფო ერთდროულად უნდა ჩაერთოს, ვიდრე კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ. ბავშვს სხვა ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, ჩავრთოთ ანტინარკოტიკული კამპანიის სოციალურ პროექტებში, სოციალური რეკლამები უნდა გადიოდეს მედიასაშუალებებით ნარკოტიკების წინააღმდეგ, მეტი პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სპორტსმენებს, ვინც ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიეს, ტარდებოდეს სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრები სკოლებს შორის, კინემატოგრაფები კი უნდა გამოძვრნენ თავიანთი ნაჭუჭიდან, გვერდით დაიყენონ ასეთი ბავშვები, მათ დააწერინონ, მათვე მოამზადებინონ სცენარი, რათა ბავშვმა გვერდიდან შეხედოს თავის პრობლემას.

„ეს არის სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი უსერიოზულესი საკითხი, თუ ნაბიჯი არ გადავდგით ცვლილებისკენ, ტყუილია ლაპარაკი. ამას უნდა პროექტი, პროგრამა, სადაც უნდა ჩაერთოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ, – კინემატოგრაფები… უნდა გაიხსნას ცენტრი, სადაც ასეთ ბავშვებთან ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ფსიქიატრები იმუშავებენ… საკითხს სერიოზული მიდგომა, მუშაობა სჭირდება, მაგრამ არ სცალიათ! თუმცა, როცა მოიცლიან და თავში ხელს შემოირტყამენ, ვაი რომ აღარაფერს ეშველება“.

EDU.ARIS.GEს კითხვაზე, ადასტურებენ თუ არა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სკოლის მოსწავლეებში კანაფის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და რა პრევენციულ ღონისძიებას გეგმავენ პრობლემის დასაძლევად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით უნდა მივმართოთ და პასუხს დაველოდოთ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ მირიან წიკლაურის განმარტებით კი, მალე, მესამე მოსმენით, პარლამენტი მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონს, რის მიხედვითაც კანაფის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. კანონპროექტში, სხვა პუნქტებს შორის, მითითებულია, რომ იკრძალება მარიხუანას მოხმარება სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე – 21 წლამდე ასაკის პირებისთვის, ხოლო 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა შეაჩერებს თუ არა მხოლოდ აკრძალვის შიში მოზარდებში გაძლიერებულ ინტერესს ნარკოტიკული თრობის მიმართ, დრო გვიჩვენებს, დრო – რომელიც უმოქმედობის შემთხვევაში, მკურნალად სულაც არ გამოდგება.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური