GE

„ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ ერთვებოდა დისტანციურ სწავლებაში“ – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში სწავლის განახლების პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა უნდა იყოს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აუცილებელია მოსწავლეების ნაწილს დამატებითი გაკვეთილები ჩატარდეს, ვინაიდან დისტანციური სწავლება, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის გამო და სკოლების დახურვა, სქართველოში 50 ათას ბავშვს განათლების გარეშე ტოვებს.

„საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში COVID-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას”, – წერია UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ რომ სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას.

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, (სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცის შემდეგ), რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ პირადად ჩაატარონ გაკვეთილები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური