GE

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს – ჩვენი გეგმები 2020–ში!

ძვირფასო არის.ჯი – განათლების მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ 2020 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2019 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს  ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

2019 წლის განმავლობაში, საგრძნობლად, 44%-ით (!) გაიზარდა EDU.ARIS.GE-ს ცნობადობა, რაც მომხმარებლების რაოდენობაში გამოიხატა. 2019 წელს განათლებით დაინტერესებულმა, თითქმის 3.600.000-მა მომხმარებელმა, ჩვენს საიტზე 24 მილიონი გვერდი დაათვალიერა.

ასეთი ინტერესი EDU.ARIS.GE-ს პუბლიკაციების მიმართ, ალბათ, იმიტომ არის, რომ 2019 წელი ისე დამთავრდა, რომ „საშვილიშვილო საქმედ“ გამოცხადებული განათლების რეფორმა, განათლების განვითარების გეგმის გარეშე მიმდინარეობს და „ეროვნული იდეა – განათლება“ ჯერჯერობით მხოლოდ მაისურზე ვნახეთ ასახული.

2019 წელს EDU.ARIS.GE-მ ახალი სივრცე შექმნა, სახელწოდებით – „არამხოლოდ განათლება“. ამ განყოფილებაში გაერთიანებულია ისეთი თემები და პოზიციები, რაც აქამდე ჩვენი ინტერესის სფეროს არ განეკუთვნებოდა. ახალი მიმართულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ საუბარი ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ განათლებასთან კავშირში არ არის, მაგრამ განათლების სამინისტროს უწყებებსა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეხება.

2019 წელს EDU.ARIS.GE-მ საკუთარი საცნობარო სამსახური შექმნა. თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია განათლების საკითხებზე და არ გაქვთ დრო ან პირობები თავად მოიპოვოთ საჭირო ცნობები, ჩვენი ახალი მომსახურება – „ედუს საცნობარო სამსახური“, თქვენთვის არის.

2019 წელს გამოვიდა ჩვენი ახალი საინფორმაციო პროდუქტი – „საგანმანათლებლო ამბების ყოველკვირეული მიმოხილვა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. მიმოხილვა იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, ვინც საგანმანათლებლო ამბებს პროფესიულ საქმიანობაში იყენებს და, სწორედ ამიტომ, ძირითადად, შეფასებებისგან თავისუფალი მშრალი ფაქტებისგან შედგება.

ჩვენი 2020 წლის გეგმა, ალბათ, ძალიან ამბიციურია. EDU.ARIS.GE ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას, რომლის მიზანიც საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციაა. ეს ხანგრძლივი პროცესია და 2020 წელს ჩვენ მხოლოდ მეცნიერებასთან და მეცნიერებთან დაკავშირებულ საკითხებში თანმიმდევრულ გარკვევას შევეცდებით, შედეგად კი, ადამიანებზე, ორგანიზაციებზე, კვლევებზე და მიღწევებზე ვისაუბრებთ.

2020 წელს, ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ განათლების სამინისტროსა და მისი სტრუქტურების მიერ გამოცხადებული გეგმების შესრულების პროცესებსა და შედეგებს. განსაკუთრებით მეტ დროს კი „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის მიმდინარეობას დავუთმობთ.

2020 წელს, ჩვენი სტუდენტური ამბების ვებგვერდზე (studinfo.ge) – სტუდენტების აქტივობებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე მეტი ინფორმაციის გამოქვეყნებას ვგეგმავთ.

რასაკვირველია, კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიქნებით მასწავლებლების პროფესიული განვითარების საკითხების მიმართ. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2020 წელი,

არის.ჯი – განათლების გუნდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური