GE

„ეგზოტიკური გადაწყვეტილება“ – ოპოზიცია მიხეილ ჩხენკელის მეორედ გამინისტრებაზე

განათლების მიმართულებას მთავრობაში ახალი ძველი მინისტრი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დანიშნა. ვარაუდები მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით არ გამართლდა. სრულიად მოულოდნელად განათლების მინისტრის პოსტზე ისევ ძველი მინისტრი ვიხილეთ, რომელიც ოცნების მთავრობაში ჯერ მეოთხე, და ახლა უკვე მე-6 მინისტრია. ერთი სამინისტროს ხელმძღვანელად ორჯერ იგივე ადამიანის დანიშვნის მაგალითი ოპოზიციას არ ახსენდება და მიიჩნევენ, რომ ეს “ქართული ოცნების” ნოუ-ჰაუა.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო რატიანი, განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას სრულიად არაადეკვატურ და ეგზოტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

„მართალი გითხრათ, რომ დავხედე ინფორმაციას ვერ მივხვდი ჩვენ გვაშაყირებდნენ თუ პირადად მე ამომიგდო რაღაც ფეიკ ნიუსი. თავისთავად სრულიად ეგზოტიკურ და უცნაურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ადამიანის თანამდებობიდან გადაყენება, როგორც წესი, დაკავშირებულია იმასთან, რომ ის კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც საკითხებს ვერ წყვეტს. ახლა გამოვიდა, რომ ვისითაც შეცვალეს თავის დროზე, ისევ მის ადგილზე აბრუნებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სრულიად ეგზოტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის თქმით, რთულია, მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის აზრთა მსვლელობა გაანალიზოს ადამიანმა, მიხეილ ჩხენკელის მინისტრობიდან კი მხოლოდ მისი შეუსაბამო გადაწყვეტილებები ახსენდება, განსაკუთრებით 51-ე საჯარო სკოლაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

„პირველი, რაც მე მახსენდება, ეს არის მიხეილ ჩხენკელის, როგორც განათლების მინისტრის სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებები, სარალიძის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც, ფაქტობრივად, უამრავი პოლიტიკურად დანაშაულებრივი და თანამდებობრივად არანორმალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ანუ ბევრი ჩავარდნა ჰქონდა. რთულია, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის აზრთა მსვლელობას მივსდიოთ. მთავარია, რომ გადაწყვეტილება არის არაადეკვატური. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური