GE

ეკატერინე ხვედელიძე: ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინე ხვედელიძის გადაწყვეტიებით, უნივერსიტეტი სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა.

ინტერვიუში, რომელიც უნივერსიტეტის facebook გვერდზე გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და უნივერსიტეტის დაარსება მათი ოჯახისთვის არაორდინალური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ, განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ, არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვიმა.

ეკატერინე ხვედელიძის განცხადებით, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის” დაარსება მათი ოჯახისთვის პოლიტიკური პროექტი არ არის და ეს უნივერსიტეტი კერძო საკუთრება არ იქნება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას. ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“, – განაცხადა ეკატერინე ხვედელიძემ.

მისივე თქმით უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და თნაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტერიტორიულადაც მიმზიდველ ადგილზე შენდება.

„ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“, – აღნიშნა ეკატერინა ხვედელიძემ.

როგორც დაანონსებულია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას 2020 წლიდან გეგმავს.

ანუკი წიწილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური