GE

ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებიდან ბაღებში 11 000–მდე ბავშვი დარეგისტრირდა, იყო თუ არა ტექნიკური ხარვეზი?

თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპის დაწყებიდან ამ დრომდე 11 000–  მდე ბავშვია დარეგისტრირებული, აქედან მხოლოდ დღეს ერთ საათში 7– ათასამდე დარეგისტრირდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაღების მართვის სააგენტოში განუმარტეს, ვაკანტური ადგილები სულ 15 ათასამდე იყო და შესაბამისად მსურველებს რეგისტრაციის საშუალება ისევ აქვთ.

ბაღების მართვის სააგენტომ ჩვენს კითხვასაც უპასუხა იმის შესახებ, რომ არაერთი მშობელი წერდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ საიტის გათიშვის შესახებ დაახლოებით 10 წუთით. სააგენტოში ამბობენ, რომ მათი სერვერების ხარვეზი არ დაფიქსირებულა და პრობლემა ინტერნეტპროვაიდერებისგან მომდინარეობდა.

“არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. სერვერი საერთოდ არ გათიშულა. 12 საათსა და 10 წამზე რეგისტრირებული ბავშვები გვყავს. პრობლემა რომ შეექმნათ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, დაიჯერებთ, რომ გითხრათ, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ შვილი ვერ დაარეგისტრირა ვარკეთილის ბაღში ამ პრობლემის გამო. ეს პროვაიდერების პრობლემა იყო, ვინაიდან ჩვენთან სერვერი არ გათიშულა და რეგისტრაცია ჩვეულებრივად მიმდინარეობდა”, – განგვიცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო და ამ პერიოდში, შესაძლებელია ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც არ მიეკუთვნება პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს.

წელს ბაღში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 2 წელი 16 და 17 სექტემბერს უსრულდებათ. შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო ორ ბაგა-ბაღს შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:

ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – N49

საბურთალოს რაიონში – სოფელ დიღომში N67

საბურთალოს რაიონი – დიდი დიღმის მე-3 მ/რ N73

გლდანის რაიონში – სოფელი გლდანი N53

გლდანის რაიონი – მე-3 მ/რ. მ N57

ვაკის რაიონში – ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44

ვაკის რაიონში – წყნეთში, ბაღი N118

დიდუბის რაიონში – ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38

ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე – ბაღი N68

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური