GE

ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ხვალ დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 18 ივნისს 10:00 სთ-დან დაიწყება. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად სააგენტოს ვებ-გვერდზე  www.kids.org.ge.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

„რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე“, – განაცხადეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში.

საჭირო დოკუმენტაცია:

დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული), ჯანმრთელობის  დამადასტურებელი ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

მეორე ეტაპზე რეგისტრირდება ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც არ შედიოდა პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებლად განსაზღვრული პრიორიტეტულ კატეგორიებში.

 პრიორიტეტული კატეგორიებია:

1)ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

2)სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);

3)სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

4)დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);

5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)

7)სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

„საბავშვო ბაღებში პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას“ – სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური