GE

EMIS-ის განმარტება მასწავლებლებისთვის, რომლებიც კლასის განაყოფებს ასწავლიან

დღეს სრულდება ვადა, როდესაც მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში პირველი სემესტრის მონაცემების შეყვანა უნდა დაასრულონ. სკოლების დიდ ნაწილში ბაზებთან და სხვადასხვა უზუსტობებთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოიფხვრა, მაგრამ ჯერ კიდევ გარკვეული პრობლემები რჩება. მაგალითად პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო დღეებია სისტემა გადატვირთულია და ცვლილებების ასახვა შეუძლებელია, ნაწილი აცხადებს, რომ ელექტრონული ჟურნალის მიერ დაანგარიშებული ქულები კვლავ არ ემთხვევა რეალურ მონაცემებს. ზოგი მათგანი კი აცხადებს, რომ სკოლების ნაწილს პედაგოგებისთვის სასწავლო წლის დასაწყისში არ უთქვამს, რომ ელექტრონული ჟურნალის შევსება სავალდებულო იყო და მათ მონაცემების შეტანა ბოლო დღეებში დაიწყეს, რამაც სისტემის გადატვირთვა გამოიწვია.

პრობლემები შეექმნათ ასევე განაყოფი კლასების პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებსაც ელჟურნალში მატერიალურისგან განსხვავებული ქულები დაუფიქსირდათ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) თითოეული სკოლის და პედაგოგის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ. უწყებამ განაყოფი კლასების სიტუაციასთან დაკავშირებით ცალკე განმარტება გამოაქვეყნა.

„თქვენ და მათ, ვინც განაყოფებს ასწავლით და სიაში გიჩანდათ სრული სია მოსწავლეების და არა თქვენი განაყოფის, წარმოქმნის პრობლემას, კერძოდ კი იმას, რომ საშუალოს ითვლის შეცდომით,რადგან შეცდომით არის განაყოფი მიბმული. თუ პედაგოგი ასწავლის განაყოფს, მას ჟურნალში უნდა უჩანდეს მხოლოდ საკუთარი განაყოფი და არა კლასის მთლიანი სია. როდესაც პედაგოგს უჩანს მთლიანი სია, გამოდის, რომ მოსწავლეს ჰყავს 2 მასწავლებელი, რომელთაგან ერთი აფასებს, ხოლო მეორე არა. განვიხილოთ სიტუაცია: ,,ა” მასწავლებელმა ჩანიშნა შემაჯამებელი წერა კლასში. სიაში ჩანს 9 მოსწავლე, რომელთაგანაც ასწავლის 5 მოსწავლეს თვითონ. 4 მოსწავლეს კი ,,ბ” მასწავლებელი. ,,ა” მასწავლებელმა ჩანიშნულ შემაჯამებელში საკუთარ 5 მოსწავლეს შეუტანა ქულა, ხოლო დარჩენილი 4 მოსწავლე დატოვა შეუფასებელი( ანუ მათ ავტომატურად 0 დაეწერა) რადგან არ ასწავლიდა. იგივენაირად მოიქცა ,,ბ” მასწავლებელი. შეაფასა მხოლოდ თავისი 4 მოსწავლე და ,,ა” მასწავლებლის 5 მოსწავლე დატოვა შეუფასებელი(ანუ ამ მოსწავლეებსაც ავტომატურად ,,ბ” მასწავლებლისგან 0 ქულა ერგო) შესაბამისად საშუალო ქულის დაანგარიშებისას განაყოფის ,,ა” და ,,ბ” პედაგოგები მხოლოდ საკუთარ დაწერილი ქულებით ელოდებიან საშუალო ქულის დათვლას და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ განაყოფის მოსწავლეები შეუფასებლები დატოვეს თავისდაუნებურად.

„ჟურნალმა არ იცის მოსწავლე განაყოფის პედაგოგმა იმიტომ არ შეაფასა, რომ მისი მოსწავლე არ იყო თუ იმიტომ რომ მართლა 0 ქულა მიიღო. ჟურნალი თვლის იმას, რაც სისტემაში ასახული, შესაბამისად ისქულში შეცდომით ატვირთული მოსწავლეების სია განაყოფში,იწვევს იმ პრობლემას შემდეგში, რომ მოსწავლეებს არ აფასებენ განაყოფის პედაგოგები და საშუალო ქულაც ლოგიკურად და შესაბამისად გამოდის შეცდომით. აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენ სწორად შეიტანეთ მონაცემები და ნახეთ რომ ყველაფერი სწორია. მეორე დღეს კი განაყოფის პედაგოგმა შეიტანა ნიშნები, შემაჯამებელი ჩანიშნა, თქვენი გამოყვანილი ქულაც შეიცვლებოდა განაყოფის მასწავლებლის ქმედებიდან გამომდინარე. ანუ, ჟურნალი კი არ ცვლის ქულებს, ცვლის ზემოთაღნიშნული ისქულიდან შეცდომით ატვირთული განაყოფის სიაზე მოქმედებები. გთხოვთ, ვისაც მსგავსი საკითხი გეხებათ, გაითვალისწინოთ ყოველივე ეს და მიიჩნიოთ პრობლემის მიზეზად“, – აცხადებენ უწყებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური