GE

„ენობრივ შეცდომებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის მსურველები გამოცდაზე თავად უშვებენ“

„კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, რომ ჩაასწოროთ წერტილ-მძიმე იქნება თუ გრამატიკული ხარვეზები, გამართულია თუ არა ენობრივი მხარე“ – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ ის პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გააფრთხილა, რომლებიც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე გასვლას გეგმავენ.

ნანა ლოლაძე 7 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ ონლაინ ღია კარის დღეზე, ელექტრონულ ფორმატში მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამართულ შეხვედრაზე პასუხობდა შეკითხვებს. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის, ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, გეოგრაფია.

მსმენელების მიერ დასმულ კითხვაზე, მხატვრული თემის დაწერისას სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა თუ არის განსაზღვრული და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თემის წერისას, ნანა ლოლაძემ უპასუხა, რომ მათ მინიმუმ 100 სიტყვის გამოყენება მოუწევთ მხატვრული ტექსტის ანალიზის დაწერისას.

მასწავლებელთა დამხმარე კრებულები

„თქვენ ნახავთ რა ადგილი იქნება გამოყოფილი წერითი დავალებისთვის და მეტს ნუ დაწერთ. იცოდეთ, რომ რაც არ უნდა იმუშაოთ მოსამზადებელ ფურცელზე, ის ჩვენამდე, გამსწორებლამდე არ მოდის. მოდის მხოლოდ პასუხების ფურცელი. ამიტომ, ძალიან მშვიდად და მობილიზებულები უნდა იყოთ, როდესაც დავალების გადატანა ხდება, რადგან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამას. მინიმუმ 100 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს ნაწერი. იქნება მოცემული მხატვრული ტექსტი და მისი ანალიზი უნდა შემოგვთავაზოთ და დაწეროთ, რამდენად ადექვატურად არის გაგებული ეს ტექსტი, რამდენად გამართულია მსჯელობა, ენობრივი მხარე“, – თქვა ლოლაძემ შეხვედრაზე.

ნანა ლოლაძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის მსურველი მასწავლებლები თავად უშვებენ ენობრივ შეცდომებს წერითი დავალების დროს.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის მსურველები ენობრივ შეცდომებს თავად უშვებენ ხოლმე ამ წერით დავალებაში (მხატვრული ტექსტის გაანალიზება ავტ.) ეს შეიძლება შეზღუდული დროის, გამოცდებთან დაკავშირებული სტრესის ბრალიც იყოს. იმდენი დრო დაიტოვეთ პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის გადასატანად, რომ კიდევ ერთხელ წაკითხვა, ჩასწორება, წერტილ-მძიმე იქნება თუ გრამატიკული ხარვეზები, ამისთვის დრო გქონდეთ და მიაქციეთ ყურადღება. ენობრივი მხარე აუცილებლად უნდა იყოს გამართული თქვენი ნაწერის“, – უთხრა ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2022

ნანა ლოლაძის განმარტებით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებლის მიერ გამოცდაზე დაწერილი მხატვრული ტექსტის ანალიზი მთლიანად განულებულა, რადგან ზოგჯერ ძალიან მოკლედ დაუწერიათ, ზოგჯერ კი არაადეკვატურადაც გაუგიათ ტექსტი.

რაც შეეხება არაქართულენოვანი სკოლებისთვის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის და სომხური ენისა და ლიტერატურის საგნის გამოცდას, რომელიც წელს პირველად ჩატარდება, შეხვედრისას ითქვა, რომ ეს ტესტები იქნება ისეთივე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ტესტებია ქართულენოვანი სკოლებისთვის.

პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გოგი მაჭავარიანმა უთხრა, ტესტიც ისეთივე სირთულის იქნება, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ტესტებია.

„ეს ტესტები იქნება ისეთივე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ტესტებია ქართულენოვანი სკოლებისთვის… ტესტები იქნება ასევე 70 ქულიანი. აქაც 4 საათი იქნება გამოყოფილი, განსაზღვრული სამუშოად. აქაც გამსვლელი ქულა შესაბამისად არის 60% და მეტი და მაშასადამე, 43 ქულა და მეტი და სტრუქტურა ამ ტესტებისა, ზუსტად იმდაგვარია, როგორიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ტესტებისა – ენის ნაწილი, ლიტერატურის კითხვების ნაწილი, წაკითხულის გააზრების ნაწილი, მხატვრული ტექსტის წაკითხულის გააზრებისა და წერის ნაწილი“, – უთხრა ღია კარის დღის სტუმრებს ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, სად უნდა ნახონ ტესტური დავალებების ნიმუშები, გოგი მაჭავარიანი პასუხობს, რომ სომხური ენის ტესტის ნიმუშს წელს ვერსად ნახავენ და მხოლოდ პროგრამის ნახვა შეუძლიათ.

„რომ შევიქმნათ წარმოდგენა მისი სირთულის შესახებ, საკმარისია ვნახოთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ტესტი. იგივე სირთულის ტესტია. მშობლიური ენის პედაგოგის, სომხურენოვანი სკოლისა და სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ტესტია. თავისთავად, ცხადია, იგივე სირთულის უნდა იყოს, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ტესტია… სამწუხაროდ, ვინაიდან პირველად ვატარებთ ამ ტესტს, ნიმუში არ არის, მომავალ წელს იქნება. ამ ხარვეზს ამოავსებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ნახვა“, – ამბობს მაჭვარიანი.

კიდევ ერთი ტესტი, რომლის შესახებაც გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა, ეხება ქართული ენის, როგორც მეორე ენის პედაგოგთა ტესტს და ეს გახლავთ იმ პედაგოგთა საგნის გამოცდა, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან ქართულ ენას. ამ ტესტის მაქსიმალური ქულა განსხვავებულია და ის 70-ის მაგივრად, 85 ქულიანია.

„ტესტი მოცულობითაც დიდია. შესაბამისად, სამუშაო დროც არის ბევრი – ოთხნახევარი საათია გამოყოფილი. გამსვლელი ქულა აქაც არის 60% და მეტი და ეს გახლავთ 52 ქულა და მეტი. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ამ ჩვენს ტესტს აქვს ე. წ. შიდა ზღვრები. ტესტი შედგება 5 ნაწილისაგან. პირობითად, – მოსმენილი ტექსტის გაგება, მოსმენა, კითხვა ანუ წაკითხულის გააზრება, წერა, პროფესიული ცოდნა და ლაპარაკი. ანუ ჩვენ ამ ხუთ ასპექტს ვამოწმებთ ენობრივი კომპეტენციისას და აქ საჭიროა, ხუთივე ასპექტში მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვა, რაც წარმოადგენს 40%-ს და მეტს“, – უთხრა პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს მაჭავარიანმა.

როგორც შეხვედრის დასასრულს ითქვა, ონლაინ ღია კარის დღეები მასწავლებლებისთვის მომავალშიც გაიმართება, ამჯერად სხვა საგნებით დაინტერესებული პირებისთვის.

ასევე იხილეთ:

მენტორი მასწავლებლის გამოცდის პრეტესტზე გასული პედაგოგი დავალებების შინაარსსა და სირთულეზე საუბრობს

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური