GE

ექნებათ თუ არა უნივერსიტეტებს მიღება მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე ნოემბრის გამოცდების შემდეგ

ნოემბერში ჩატარებული მასწავლებლების გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. აპლიკანტებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი და მოიპოვეს 10 კრედიტი, აინტერესებთ მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება ექნებათ თუ არა უნივერსიტეტებს.

როგორც EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან შეიტყო, მათ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება სექტემბერში უკვე დაასრულეს და დამატებით აღარ გეგმავენ კონკურსის გამოცხადებას.

„მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით მიღება არის სექტემბრის დასაწყისში. დასრულდა უკვე პროცესი. 120 ადამიანი მივიღეთ უფასოდ. მიღება არის წელიწადში ერთხელ. ამას განსაზღვრავს კანონი. სტუდენტი ირიცხება საშემოდგომო სემესტრის დასაწყისში“, – გვითხრეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღებას არ გეგმავენ ნოემბრის გამოცდების შემდეგ არც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში, არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. EDU.ARIS.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ ამ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა.

„ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებული. მიღება სექტემბერში გვექნება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპზე, რომ შეიძლება გაუქმდეს. ზუსტი პასუხი გვეცოდინება დაახლოებით მაისში. ამ ეტაპზე მიღება არ გვაქვს. სექტემბრის დასაწყისში იყო მიღება და ახლა აღარ არის“, – გვიპასუხეს ილიაუნის ცხელ ხაზზე.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე კადრები შეიძლება მიიღოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თუ ამის ნებას დართავენ სამინისტროდან. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ EDU.ARIS.GE -ს განუცხადა, მათ შესავსები დარჩათ 20 ადგილი და კონსულტაციას გაივლიან იმის თაობაზე, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, დამატებით კიდევ აიყვანონ პროგრამაზე სწავლების მსურველები.

„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სექტემბერში მიღება. 70 დაფინანსებული ადგილი იყო. სულ 100 ადგილი გვქონდა და 80 შევავსეთ. 100 ადგილი გვაქვს გამოცხადებული. მეტი კვოტა არ გაქვს. ეს ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული. 80 უკვე შევავსეთ და იმ 20-ზე შეგვიძლია ვიფიქროთ.

„ყველა მოდული არ გვაქვს. ინტეგრირებული კურსებია და შესაძლოა ვერ მივიღოთ მსურველები, რადგან ჩვენს პროგრამასთან არ ჰქონდეს თავსებადობა. გვაქვს ისტორია, სამოქალაქო განათლება,  ქართული ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და გეოგრაფია. მომზადებული გაქვს მოდული ქართული როგორც მეორე ენა და მომავალი სექტემბრისთვის აუცილებლად მივიღებთ მსურველებს ამ პროგრამაზეც.

„სწავლებას ვახორციელებთ ახალციხის და ახალქალაქის კორპუსებში. მასწავლებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს. შარშანაც არსებობდა ახალციხის და ახალქალაქის ჯგუფი და წელსაც ასე გვაქვს. არაქართული სკოლების წარმომადგენლები არიან ძირითადად ახალქალაქში, მაგრამ პროგრამა აბსოლუტრად იდენტურია. ერთი ჯგუფი გვაქვს ახალქალაქის კორპუსში  უცხო ენების (რუსული, ინგლისური) და მეორე სტემის საგნების ჯგუფი. ნინოწმინდიდანაც დადიან ახალქალაქის კორპუსში.  დღეების შეთანხმებაც ხდება პედაგოგებთან. სასწავლო დღეებია პარასკევი შაბათი და კვირა“, – აღნიშნა მაკა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის გამოცდები ორჯერ ჩატარდა, ერთხელ ზაფხულში, მეორედ კი შემოდგომაზე, ნოემბერში. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე სასწავლებლად აპლიკანტმა აუცილებლად 10 კრედიტქულა უნდა მოიპოვოს, ანუ დააგროვოს გამოცდაზე არსებული ქულების 60%-ზე მეტი. 60-კრედიტიან პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად პედაგოგმა, ან მასწავლებლობის მსურველმა ასევე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის შიდა გამოცდა წერილობით, ან გასაუბრების სახით, იმის მიხედვით რომელი უნივერსიტეტი რა ტიპის გამოცდას ითხოვს.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური