GE

ექსკურსიაზე მოსწავლე გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა

ლაგოდეხში, 16 წლის გოგონას ძებნა მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა, დილით სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთვნენ. თბილისის კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, მათგან ერთ-ერთი, 16 წლის გოგონა ჩანჩქერთან წყალში გადავარდა და მდინარის დინებამ წაიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებელი ლაგოდეხის პოლიციაში გუშინ ღამით გამოკითხეს.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები” – აღნიშნულია განცხადებაში.

სამძებრო სამუშაოები 27 მაისს, დაახლოებით დილის 12 საათზე დასრულდა, როდესაც მაშველებმა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური