GE

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კსუ-ის სამხატვრო სტუდიის წევრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიის წევრის – მარიამ მჭედლიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში – 15 იანვარს გაიხსნა.

როგორც კსუ-ის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, თვითნასწავლი მხატვრის მიერ 2013-2017 წლებში შექმნილი 60-მდე ფერწერული ნამუშევარი, 20 იანვრამდე იქნება გამოფენილი და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენის გახსნას, სფეროს წარმომადგენლები, გულშემატკივრები, პროფესორები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მარიამ მჭედლიშვილი კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულია და სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ხატვით. მარიამის თქმით, სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა მაკა ტაბიძემ, მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა და სწორედ აქედან დაიწყო წარმატებული ურთიერთობა ფერწერასთან.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მხატვარი, სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სამხატვრო სტუდიის საუნივერსიტეტო და წლის შემაჯამებელ გამოფენებში.

მარიამ მჭედლიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ახლა ის ხატავს და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, სწორედ კსუ-ს სამხატვრო სტუდიისა და პედაგოგის დამსახურებაა.

მარიამი სტუდიას ახლაც ხშირად სტუმრობს და ამბობს რომ აქაური გარემო მას დიდ ინსპირაციას აძლევს და ხატვის პროცესში ეხმარება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს პირველი პერსონალური გამოფენის გახსნას ულოცავს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური