GE

ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მოსწავლის შეფასების ნაწილში ცვლილებები შევიდა – სიახლე უკვე ძალაშია

განათლების და მეცნიერების მინისტრმა ეროვნული სასწავლო გეგმების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, რომელის თანახმადაც 2021 წლის მე-12 კლასელების შეფასების პრინციპები დაზუსტდა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე 18 ივნისს გამოქვეყნდა.

აღნიშნულ ცვლილების განხორციელების თაობაზე, EDU.ARIS.GE განათლების სამინისტროს მიერ, სკოლებში გაგზავნილი წერილების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ წერდა.

პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, დოკუმენტის ახალ რედაქციაში, გაცდენებისთვის დადგენილი რეგულაციების განსხვავებული პირობებია დადგენილი.

„1)2020-2021 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები.

2)2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

3) 2020-2021 სასწავლო წელს, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად.

4) იმ შემთხვევაში, თუ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლის (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) შეფასება ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მოსწავლე ფასდება ერთ შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე“- ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ცვლილება გავრცელდება მხოლოდ 2021 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

განათლების სამინისტრო 2021 წლის მე-12 კლასელებისთვის შეფასების პროცესს ამარტივებს – რა ცვლილება შედის ესგ-ში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური