GE

ეროვნული გამოცდების გარეშე ვერც ერთ ავტორიზებულ უნივერსიტეტში ვერ მოხვდებით – სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

2019 წლის ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, საგამოცდო ცენტრებთან აბიტურიენტებს სხვადასხვა სასწავლებლების სარეკლამო ფლაერებს ურიგებენ. ზოგიერთი რეკლამის შინაარსი ასეთია, რომ ახალგაზრდებს გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშეც შეუძლიათ.

„ყველა სტუდენტს, პირველი სასწავლო სემესტრის (3 თვეში), ან სასწავლო კურსის დასრულების  შემდეგ (6 თვეში), შეუძლიათ ყოველგვარი გამოცდების გარეშე, სწავლა გააგრძელოს საქართველოში აკრედიტებულ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში“, – ეს გახლავთ ციტატა ერთ-ერთი სასწავლებლის სარეკლამო ტექსტიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ არის უკრაინის, თურქეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის აკრედიტებული უმაღლესი სწავლებელბის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება და აბიტურიენტებს მოუწოდებენ არასწორ ინფორმაციას ყურადღება არ მიაქციონ.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების  გარეშე, რადგან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ  სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“ – აცხადებს ირინა აბულაძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი