GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გამართა

6 აპრილს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამისა“ (SODTP) და „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამის“ (SOTP) გამოშვების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ 24-მა, ხოლო „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ 17-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა.

„შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ 9 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა მსმენელთა მიერ საშტაბო უნარების განვითარებას ოპერატიული და სტრატეგიული დონის ფუნქციების შესასრულებლად. კურსის შინაარსი დაფუძნებულია საქართველოს თავდაცვის ძალების დოქტრინასა და ორგანიზაციაზე.

„უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამის“ მსმენელები კი, 11 კვირის განმავლობაში სწავლობდნენ უზრუნველყოფის პრინციპებს და მათ გამოყენებას საქართველოს თავდაცვის სტრუქტურასთან მიმართებაში.

აღნიშნული პროგრამების ჩატარება განხორციელდა საქართველოში აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ,,Valiant Integrated Services” წარმომადგენლობისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური