GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროექტის ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროექტის ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ გახსნა.

პროექტის მონაწილეებსა და იუნკერებს სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ლია გიგაურმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, ბატონმა პიტერ ვიბლერმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ზაალ კაპანაძე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც გაეცნენ იუნკერთა ცხოვრების წესსა და აკადემიაში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროექტის მონაწილეები, იუნკერებთან ერთად ასევე ჩართული იყვენენ სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.

ღონისძიების ბოლოს ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” პროექტის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ და იუნკერებთან ერთად სამხედრო ლანჩიც მიირთვეს.

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობა.

აღნიშნული პროექტი ორგანიზებულია სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)