GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,,ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები” წარმოადგენდა.

აღნიშნულ კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ასევე საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომლებიც წამოჭრილია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მომხსენებლები შეეხნენ აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განსხვავებული ორიენტაცია, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში და ასე შემდეგ.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გამოიცა სამეცნიერო ნაშრომთა კრებული.
მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ სერტიფიკატები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური