GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორების სამმხრივ შეხვედრებს დაესწრო

მიმდინარე წლის 15-18 აპრილს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო აკადემიების რექტორების სამმხრივი შეხვედრები, რომელსაც თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელმა უმასპინძლა ქალაქ ანკარაში. თურქეთში გამართულ შეხვედრებში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლესი სამხედრო სკოლის ხელმძღვანელობა და თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელი. ხოლო აკადემიის მხრიდან ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე, სასწავლო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კობიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, მარიამ დარბაიძე და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნინო გეწაძე.

შეხვედრების დროს თითოეული ქვეყნის სამხედრო სასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაციები სამხედრო აკადემიაში არსებული აკადემიური და სამხედრო სწავლებების, მიმდინარე პროგრამების და სპორტული მეცადინეობების შესახებ, ასევე, თითოეული აკადემიის მხრიდან გაკეთდა გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ მოკლე შეჯამება. დამატებით განხილულ იქნა აღნიშნულ სამხედრო სასწავლებლებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიმართულებები. ვიზიტის პერიოდში აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე შეხვდა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ასევე აკადემიის დელეგაციას ჰქონდა საშუალება შეხვედროდა თურქეთის სამხედრო აკადემიაში ჩარიცხულ ქართველ მსმენელებსაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამმხრივი ფორმატი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორულ კავშირებს. აკადემიისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატებში სამუშაო შეხვედრების გამართვა უცხოური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი