GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსისა და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსისა და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო და თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის გამოშვების ცერემონიალს დაესწრო და კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

ლევან იზორიამ მსმენელებს კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები და პროფესიული წინსვლა უსურვა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ყურადღება სამხედრო სფეროში განათლების მნიშვნელობასა და მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებში ცოდნის გაღრმავება, განათლების სტანდარტის გაუმჯობესება, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული სამეთაურო რგოლი სახელმწიფოს განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საფუძველს წარმოადგენს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ღონისძიება დიპლომების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.

აკადემიის ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. საწყის ეტაპზე საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საპილოტე პროგრამა, რომელიც პირველად 2011 წელს ჩატარდა.

ამჟამად სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლესი საფეხურია და როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

სამეთაურო-საშტაბო პროგრამის რიგით მერვე კურსი წარმატებით გაიარა 57 მსმენელმა, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 ოფიცერმა და 4 სამოქალაქო პირმა თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან.

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსი კი 8 კურსდამთავრებულმა დაასრულა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური