GE

„ერთადერთი თხოვნა მაქვს, არ შეეძლოს მშობელს თითი დაუქნიოს მასწავლებელს“- პენსიონერი პედაგოგი მინისტრს

„ერთადერთი თხოვნა მაქვს, იყოს დაფასებული პედაგოგი, არ შეეძლოს მშობელს თითი დაუქნიოს მასწავლებელს, ეს უნდა მოხერხდეს და ბავშვი არ უნდა იძახდეს ყოველთვის, რომ ჩემი უფლებები, ჩვენი უფლებები… 49 წელი შემისრულდა ამ სკოლაში, თან მიხარია ეს საკენკი, ასე დავარქვათ ჯილდოს, თან გული მწყდება. მწყდება იმდენად, რამდენადაც შემოდის ვიღაცა და საკუთარ სახლს გატოვებინებს. გამოცდაზე არგასვლა პროტესტის ნიშანია ჩემთვის და არა ის, რომ თუ ჩავაბარებ. რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, ჩემზე დამსახურებული პედაგოგები წასულან ამ სკოლიდან, მაგრამ მადლობაც არ გადაუხდიათ მათთვის“, – ეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი პედაგოგის სიტყვებია, რომელიც მან განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს სკოლაში გამართულ შეხვედრაზე უთხრა.

მინისტრი სკოლაში პედაგოგებს შეხვდა და განათლების რეფორმის სიახლეებზე ესაუბრა, ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი, მადლობა გადაუხადა და თაიგულებიც გადასცა. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი 5000-მდე პედაგოგს აქვს დაფიქსირებული. მაისის ბოლოს უკვე შეგროვდება პირველი მონაცემები და საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება.

„მაისის ბოლოს მოხდება მონაცემების შეგროვება, გავიგებთ რა რაოდენობის პედაგოგი გადაწყვეტს სისტემიდან გასვლას და ამის შემდეგ, ზაფხულში, უკვე წარვადგენთ საბიუჯეტო ცვლილებებს, რომ უკვე საფინანსო კანონში აისახოს რაოდენობა. ზაფხულის განმავლობაში მიღებული იქნება ეს ცვლილება და ძალიან სწრაფად მოხდება ამ ადამინების ანაზღაურებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს – მინისტრის ბრიფინგი

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური