GE

ერთი ნაბიჯი მასწავლებლობისაკენ…

ავტორი: ქალაქ თერჯოლის N 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე

„ერთ ბავშვს, ერთ  მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია სამყარო შეცვალოს“ (მალალა იუზაფზაი).

პედაგოგი პატარა ,,სამყაროს“ მხატვარია, რომელი ,,სამყაროც“ შემდეგ თავად ხდება ეპოქის შემოქმედი, იმ ეპოქისა, რომელმაც საბოლოოდ ძლიერი ქვეყანა უნდა შვას. ჩემი აზრის ნათელსაყოფად მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელს დავასახელებ, შეიძლება იმიტომ, რომ მისი მასწავლებელი უდიდესი პიროვნება იყო – ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მაკედონელი გენია იყო, ისეთი, როგორიც იშვიათად იბადება, ანდა იშვიათად ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას – პრობლემად კი სხვადასხვა მიზეზს შორის შეიძლება მასწავლებლის ფაქტორიც დავასახელოთ; ალექსანდრე მაკედონელის მსგავსის ,,გამოძერწვას“ არისტოტელეს მსგავსი ,,მოქანდაკე“ სჭირდება. ამიტომ, ვთვლი, რომ ყველა დიდი ადამიანის უკან ჭკვიანი მასწავლებელი დგას.

პარადოქსია, მაგრამ ,,პედაგოგობა საქართველოში სასურველი პროფესიების სიაში არ არის. ეს პროფესია დიდი ხანია ახალგაზრდებისათვის არამიმზიდველი გახდა“, – ეს სიტყვები, სამწუხაროდ, ჩვენთვის რაიმე ახალ ინფორმაციას არ შეიცავს, არაერთხელ მოსწავლეებისგანაც გაგვიგონია,.. რატომაა ასე? ,,ამაზე ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ“, ,,იმიტომ, იმიტომ, იმიტომ, რომ არ უნდათ…“ უარგუმენტოდ, რადგან ხელჩასაჭიდი  არგუმენტი არცა აქვთ.

არაერთხელ დაწერილა,  არაერთხელ გვითქვამს, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრა უნდა ასწავლოს; გზა უნდა აჩვენოს, როგორ დაინახოს ესა თუ ის პრობლემა, მოიძიოს გამომწვევი მიზეზები და დასახოს აღმოფხვრის გზები,.. ამის სწავლებას ვცდილობთ ნებისმიერი თემით, მიზნით, აქტივობებით… მაგრამ უდიდესი პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშეა, თითქოს ვერ გადაგვიჭრია… ნებისმიერი მასწავლებელი, დარწმუნებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებს თითოეულ გაკვეთილში, ამას ხედავს მოსწავლე, მაგრამ მაინც არ მოსწონს,.. მასწავლებლის ავტორიტეტი მაინც დაბალია მის თვალში, მაინც პრობლემა პრობლემად რჩება…

მე, მაგალითად, გული მტკივა, როდესაც ვხედავ და მესმის, რომ ახალგაზრდას მასწავლებლობა საკუთარ არჩევანში ბოლო ადგილზეც კი ვერ მოუაზრებია. ამიტომ, ვთვლი, რომ სანამ ახალგაზრდებს ,,არგუმენტები“ მოუძიებიათ ამ უარყოფითი დამოკიდებულების გასამყარებლად, მანამ ვიზრუნოთ საკუთარ ავტორიტეტსა და იმიჯზე ყველას თვალში, რადგან მოსწავლე საზოგადოების ყველა ფენას ამთლიანებს. მოსწავლეებთან ყველაზე ახლოს ჩვენ ვდგავართ, ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრობლემის არსი და დავსახოთ ნაბიჯები, რომლებიც ახალგაზრდებში ამ პროფესიას პრესტიჟულსა და საპატივცემულოს გახდის. ამისათვის კი ერთ-ერთი კარგი საშუალება ისაა, რომ ახალგაზრდებმა ,,გვერდიდან“ კი არ შეხედონ მასწავლებლობას – მერხის მეორე მხრიდან, არამედ მასწავლებლის მაგიდიდან,.. როგორ? ისინი თავად გახდნენ დროებით ,,მასწავლებლები“ და თავად იგრძნონ ამ პროფესიის განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა და მთელი ,,სიდიადე“. მჯერა, როდესაც თითოეული ასეთი ,,მასწავლებელი“ თავად დაინახავს მოსწავლის  იმედით, სიყვარულით სავსე თვალებს, რომლებიც მას უდიდესი ნდობით უყურებენ; როდესაც იგრძნობს, რომ ამ პატარა არსების სული მისი გამოსაძერწია, მან უნდა გამოაქანდაკოს მისგან ძლიერი პიროვნება, რომელიც გახდება სრულფასოვანი მოქალაქე   ქვეყნისა და მშენებელი საკუთარი მომავლისა – დაინახავს ჩვენი პროფესიის ხიბლს. და სწორედ ამ ყველაფრის გაცნობიერება მისცემს სტიმულს მასწავლებლობისას და მეტად მოუნდება ,,კარგის ქმნა“ – მასწავლებლობა, ,,ქვაზე დადება“ საკუთარი ცოდნის გაზიარება, როცა ,,გამოივლის“, საკუთარი ,,შემოქმედება“ – ყოფილი მოსწავლე, აწ უკვე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი, მთესველის თბილ ხნულში ჩაგდებულ მარცვლად, ,,მადლად ქცეული“ ქვეყნისა და მომავლის სადარაჯოზე რომ მოევლინება მასვე.

ეს ყველაფერი უნდა იგრძნოს მოზარდმა, რომ მასწავლებლობა ინდომოს. ამ შეგრძნებას კი განცდა სჭირდება, განცდას, სხვადასხვა ნაბიჯის ჩვენგან მოფიქრება საიმისოდ, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მას  საინტერესოდ მივაწოდოთ. სწორედაც ასეთი ნოვატორულ ნაბიჯად ვთვლი არც ისე დიდი ხნის წინ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტს ,,ერთი დღე პროფესიაში“, რომელშიც ჩვენი სკოლაც ჩაერთო და მეც, მათ შორის, ჩვენი სკოლის არაერთ მასწავლებელთან ერთად. სასურველი იყო პროექტი გაგრძელებულიყო და მსგავს იდეაზე დაფუძნებული აქტივობები კიდევ განხორციელებულიყო სკოლებში, რადგან იმ დღის უჩვეულობა და ბედნიერი სახეების ბრწყინვა, პროექტის ნოვატორი ხელმძღვანელის მიერ მოფიქრებული სტრატეგიული ნაბიჯი ნამდვილად იყო მომავალი თაობის ნაბიჯი მასწავლებლობისაკენ.

იდეამ – ,,მოსწავლე მასწავლებლის ამპლუაში“, რომ ერთი დღე განსხვავებული იქნებოდა ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც თავად იქნებოდნენ, მოსწავლეთა დადებითი შეფასება დაიმსახურა და სასურველი შედეგიც გამოიღო.

ჩემს გაკვეთილზე საუბარს კი იმით დავიწყებ, რომ ჯერ გადვწყვიტე, ვინ უნდა ყოფილიყო ,,მასწავლებელი“, შემდეგ რომელ კლასში უნდა ჩაეტარებინა მას გაკვეთილი, რა თემაზე და ა.შ. პროექტი ჩემთვისაც საინტერესო, ნამდვილად დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. მით უმეტეს, თუ იმასაც ვიტყვი, რომ არა მარტო ჩემ მიერ არჩეული ,,მასწავლებელი“ (XI კლასის მოსწავლე) თანამშრომლობდა გაკვეთილის მოსამზადებლად ჩემთან, არამედ მისი კლასელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში (გვეხმარებოდნენ რესურსების მომზადებაში – ნახატი, ვიდეოკლიპი…), რათა შედეგი მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო.  უპირველეს ყოვლისა,  ე. წ. ორგანიზაციულ საკითხებს მოვრჩით: ავარჩიეთ კლასი – VIII; თემა – გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“ – პიროვნება და საზოგადოება; გავაცანი ჩემი გაკვეთილის გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა არა მარტო ,,მარიტას“ განხილვას ამ კუთხით, არამედ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვისა“ და გუსტავ ლე ბონის ,,ბრბოს ფსიქოლოგიის“ გაკვეთილთან საჭირო კუთხით დაკავშირებასაც; საბოლოოდ კი თანამედროვეობასთან კავშირებითა და შეჯამებით დასრულდებოდა გაკვეთილი; შეფასების რუბრიკა – ჩართულობა, ზნეობრივ-ეთიკური პრობლემის განსაზღვრა ტექსტში,.. დავიწყეთ მზადება გაკვეთილისათვის.

ამ ერთმა გაკვეთილმა იმდენი პოზიტივი მიიტანა და გაავრცელა ბავშვებს შორის, რომ ამის არდანახვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია; თუნდაც – ,,მასწავლებელი“ საკუთარი  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაუახლოვდა მერვეკლასელ ბავშვებს, რადგან არ უნდოდა, გაკვეთილზე მათთვის უცხო ყოფილიყო; არ უნდოდა, რომ, თუნდაც,  მოსწავლეთა სახელები არ სცოდნოდა; სურვილი ჰქონდა, რომ გაკვეთილი სრულფასოვანი გამოსულიყო და ამისათვის უამრავ ინფორმაციას გაეცნო თვითონ გაკვეთილის თემიდან გამომდინარე; მუშაობდა საკუთარ პრეზენტაციაზე – როგორ წარედგინა თემა, მიზნები… მოსწავლეებისათვის ისე, რომ მათი მაქსიმალური ინტერესი გამოეწვია;

რაც შეეხება მერვეკლასელებს, ისინიც საოცარი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს, მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ექსპერიმენტი: ,,მასწავლებლის“ კლასელის მიერ შესრულებული ნახატი (ბროწეული) შესანიშნავად დააკავშირეს ,,ცეცხლისფრიან, მარიტას სახესავით ალაკრულ ბროწეულთან“. ,,მასწავლებელმა“ მათ გააცნო სხვადასხვა ხალხის რელიგიური წარმოდგენები ბროწეულის შესახებ – რომ ეს ხე სამყაროს ერთიანობის სიმბოლო, სიძულვილისა და შურისაგან განკურნების საშუალებაა, რამაც მათ ახალი ცოდნის კონსტრუირების საშუალება მისცა, ახალი სიმბოლური კავშირები აღმოაჩინეს ამ ხესა და მარიტას შორის; ვიდეო რგოლმაც, მარიტას დასჯის ეპიზოდმა (,,მასწავლებლის“ კლასელის მიერ მომზადებულმა), საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე; ბოლოს, შესაჯამებლად, ,,პიროვნება და საზოგადოება დღეს“ მსჯელობა–დისკუსიაში, დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული ,,პედაგოგიც“ და მოსწავლეებიც. მათ არაჩვეულებრივად შეაჯამეს საკითხი. გაკვეთილს დამსწრეც ჰყავდა (,,მასწავლებლის“ კლასელი)- დამსწრეებიც მოსწავლეები იყვნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ,,მასწავლებლისა“ და ,,დამსწრისაგან“ თავად გაკვეთილის შეჯამება იყო. ორივემ, პირველ რიგში, ის აღნიშნა, რომ უაღრესად საპასუხისმგებლო და საინტერესო ყოფილა თუნდაც ერთი გაკვეთილის ჩატარება: თურმე მასწავლებელს რამდენი რამ სჭირდება, რომ გაკვეთილი საინტერესო გამოვიდეს; რამდენი რამის ცოდნაა აუცილებელი, რომ მოსწავლის ნდობა გაამართლოს; რამდენად დიდი დაკვირვება უნდა ყველა სიტყვას, რომ მისკენ ინტერესით მზირალი თვალები არ ჩაქრეს; როგორ უნდა გათვალოს პედაგოგმა ყველა წუთი და წამი, რომ მოტივაცია არ დაიკარგოს მოსწავლეებში… და ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შეძლოს და ყველა ეტაპზე მოსწავლის საგაკვეთილო მზაობა შეინარჩუნოს და შესაბამისად გამოიყენოს, რათა დასახულ მიზანს სრულად მიაღწიოს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ამ სიძნელეებისა, საოცარი მუხტია ბავშვებთან მუშაობა, რადგან იმდენად დიდი დადებითი ენერგია მოაქვს ამ ყველაფერს შენამდე, რომ სურვილი გიჩნდება, ეს პოზიტივი ყოველ გაკვეთილზე შეინარჩუნო, საამისოდ კი ყველაფერი გააკეთო და თითოეულ აღსაზრდელს გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთებინო.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ, თუ ჩვენ შევძლებთ და მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რამდენად საპასუხისმგებლო და საინტერესოა ჩვენი პროფესია, თუ მათში ჩვენი პროფესიისადმი პატივისცემა ბავშვობიდანვე ჩაინერგება და გამყარდება, ისინი ნამდვილად დააფასებენ მასწავლებლობას, ეს კი, ასევე, ნიშნავს მოსწავლეთა მეტ პასუხისმგებლობას პედაგოგისა და საგაკვეთილო პროცესისადმი, სწავლა-სწავლების ხარისხზეც დადებითად იქონიებს ეს ყველაფერი გავლენას. ,,ამაზე ფრიად საფუძვლიანი საბუთი“ ექნებათ საიმისოდ, რომ პედაგოგობა მათთვის სასურველ პროფესიათა შორის მოიაზრებოდეს და, დამერწმუნეთ, ის, რაც თუნდაც ამ ერთი გაკვეთილის ფარგლებში იგრძნეს, ცხოვრების მოწოდებად ექცევათ. ეს კი უკვე ერთი კი არა, ,,არაერთი ნაბიჯი იქნება მასწავლებლობისაკენ“. ჩვენც, მასწავლებლებსაც, ღირსეული და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული მომავალი გვეყოლება, ისეთები, რომლებმაც იქნებ აღზარდონ კიდევ ერთი დავით აღმაშენებელი, შოთა, ილია…

მომავალი თაობა და საზოგადოება კი იმას გააცნობიერებენ, რომ ყველა არისტოტელე ვერ იქნება, ბევრი კარგი მასწავლებელია, რომლებიც ჩვენი დიდი ქართველების უკან დგანან.

მე ამ პროექტმა დიდი სტიმული მომცა და ამ კუთხით არაერთი აქტივობა განმახორციელებინა. ალბათ, შევძელი კიდევაც, რადგან ჩემი ,,მასწავლებელი“ (მაშინდელი მეთერთმეტეკლასელი) დღეს უკვე სტუდენტია და ისტორიას ეუფლება. ისიც ვიცი, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგი დადგება მისგან.

ამიტომ, კოლეგებო, ვიზრუნოთ ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციისათვის, რადგან მთავრობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს. ვინ, თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით, რა არის წინასაგაკვეთილო მზაობა, მოსწავლეთა გამოწვევა გაკვეთილის საწყის ფაზაზე,.. რათა  ხალისით ჩავრთოთ ჩვენ მიერ დაგეგმილ შემდგომ აქტივობებში, რომ ორი წლის წინანდელი პროექტი არ დარჩეს ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა…“ და თუნდაც მაშინდელ მოტივაციას დანარჩენი აქტივობებიც მივუმატოთ და ,,გაკვეთილის“ მიზანს მაქსიმალურად მივაღწიოთ!

,,ისწრაფე მზისაკენ, თუ მზემდე ვერა, უახლოეს ვარსკვლავამდე მაინც მიაღწევ!“ – ვისწრაფოთ!

განათლებული ბლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური