GE

„ეს არის პრობლემები, რასაც მოვიმკით პანდემიის შემდეგ“ – განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებში სოციალიზაციის პრობლემა გაღრმავდა 

დისტანციური სწავლების პირობებში, განათლების ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ყურადღებას უშუალოდ სწავლის პროცესის პრობლემების გარდა, იმ საკითხებზეც ამახვილებენ, რაც ბავშვების სოციალიზაციასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას ეხება.

განათლების ექსპერტი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძის განცხადებით, მძიმე ფონი, რაც პანდემიამ მოიტანა ბავშვების სოციალიზაციაზე მძიმედ აისახა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

„ის მძიმე ფონი, რაც მოიტანა პანდემიამ, ცხადია, აისახა განათლებაზე, მოსწავლეებზე განსაკუთრებით. რასაც ყველაზე მეტად უჩივიან მასწავლებლებიც, არის კომუნიკაციის პრობლემა. ბევრ რამეს კვლევა სჭირდება, მაგრამ არის საკითხები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს აქვთ ძალიან მაღალი შფოთვა კონტაქტებთან დაკავშირებით. ეს არ ეხება მხოლოდ მასწავლებელთან ურთიერთობას. მთელი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში და არა მხოლოდ, ისე მოხდა, რომ უფრო მეტად არის არავერბალურ კომუნიკაციაზე გადართული. ბავშვებს უწევთ დაწერა და ასე ვთქვათ დაწერილის ჩაბარება. ისინი უამრავ საფეხურს ასე გადიან, უწყვეტად ვამოწმებთ მათ ასე – რა იციან და რა არ იციან, ოღონდ ხმას არ ვაღებინებთ. ახლა წარმოიდგინეთ ერთის მხრივ ასეთი სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, მეორეს მხრივ გაჯეტური სამყარო, რომელიც ამ პროგრესმა და ცივილიზაციამ მოიტანა და მესამე ყველაზე მძიმე და კულმინაციური, რაც ბოლო წვეთი იყო – პანდემია, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ამ რესოციალიზაციას, ანუ სოციალიზაციის პრობლემები გაჩნდა. აღარ აქვთ კომუნიკაცია, აქამდე კლასელს ისე მაინც დაელაპარაკებოდა, გაივლიდნენ-გამოივლიდნენ, მასწავლებელთან კონტაქტი ექნებოდა, ახლა ეს აღარ არის და მასწავლებელი იძულებული არიან ამ სტანდარტების დაცვით, დისტანციურად, ვინც როგორ ახერხებს იურთიერთოს მოსწავლეებთან. ცხადია, რომ დისტანციური სწავლება ვერ ანაცვლებს პირისპირ სწავლებას, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რომ ის გავხადოთ უკეთესი იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ“, – განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

როგორც განათლების ექსპერტი აღნიშნავს, კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში შფოთვის დონემ მოიმატა გაკვეთილების ჩაბარების, მოყოლის და სიტყვით გამოსვლის თვალსაზრისით.

„არის ასეთი შემთხვევები, რომ შფოთვის დონემ მოიმატა, თუნდაც დისტანციურ რეჟიმში, კარგად მუშაობის პროცესს ვგულისხმობ, როცა მეტ-ნაკლებად გამართული აქვს მასწავლებელს და მოსწავლეს ყველაფერი, ბავშვებს ძალინ მოემატათ შფოთვა გაკვეთილის ჩაბარების, მოყოლის ან საერთოდ სიტყვით გამოსვლის თვალსაზრისით. სომატურ დონეზე გამოვლინებებია, როცა ყელი უშრებათ საუბრის დროს და ა.შ. მასწავლებელმა ყველაფერი რომც გამართოს დისტანციური სწავლების დროს, სტანდარტით მას არ მოეთხოვება, რომ ბევრი ალაპარაკოს მოსწავლე. ამ კომუნიკაციის ფორმის დროს, როცა ბავშვს შეუძლია კამერაც გათიშოს და მიკროფონიც, რაღაზე ისაუბრებს“, – ამბობს თინათინ ცერცვაძე.

ექსპერტის თქმით, მშობლებმა და მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა იზრუნონ კონტაქტში ბავშვების შემოსაყვანად. რაც სათქმელად ადვილია, მაგრამ ურთულესია განსახორციელებლად. როგრც თინათინ ცერცვაძე აღნიშნავს, ეს არის ის პრობლემები, რასაც მოვიმკით პანდემიის შემდეგ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური