GE

„ეს დღე დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“ – ილიაუნის 10 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 10 წლის იუბილე და წლევანდელი კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გრანდიოზულად, განსხვავებულად და მასშტაბურად აღნიშნა. ილიაუნიმ ლისის ტბაზე ნამდვილი სახალხო ზეიმი მოაწყო, რომლითაც არამხოლოდ მისმა კურსდამთავრებულებმა და სტუდენტებმა, არამედ მოსახლეობამაც ისიამოვნა.

მრავალფეროვანი პროგრამა ნებისმიერი ასაკის, ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებდა. აქ კარგად ერთობოდნენ როგორც ბავშვები, ისე მათი მშობლები და რა თქმა უნდა სტუდენტები.

13716259_1241386949207219_284699970192671110_nსპექტაკლი და ანიმატორების პროგრამა პატარებისთვის, სახალისო ინჟინერია, ასტროზონა, სახალისო მეცნიერება, საჯარო ლექცია, საქვემლოქმედო აქცია კონცერტები და რა თქმა უნდა, გამოსაშვები ცერემონიალი – ესაა იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც ლისის ტბაზე ასულმა დამსვენებლებმა ისიამოვნეს.

პროგრამა შუადღის 2 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ტერიტორია ორიგინალურად, ლამაზად და მრავალფეროვნად იყო გაფორმებული. აქ ნახავდით ოჯახებს, რომლებიც ბალახზე პიკნიკობდნენ; ახალგაზრდებს, რომლების დღისით მზეზე, ღამე კი მთვარესა და ვარკვლავებზე ტელესკოპის საშუალებით დაკვირვებას აწარმოებდნენ; ბავშვებს, რომლებსაც ზღაპრის გმირები ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟებოდნენ; პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ღონისძიებას ღია ცის ქვეშ მოწყობილი კაფე-ბარებიდან თუ ხეების ჩრდილში დაკიდებული ჰამაკებიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მაყურებელი თუ მსმენელი გახსნის წუთიდან დახურვის წუთამდე არ მოჰკლებია.

13770529_1241398212539426_419554867961681885_nორგანიზატორები თამამად აცხადებდნენ, რომ დღე შედგა! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ყველაფერი ისეთი გამოვიდა, როგორიც ილიაუნის შეეფერებოდა.

„გადავწყვიტეთ, ეს მრგვალი თარიღი განსაკუთრებულად აღგვენიშნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია. ამაზე მოწმობს ადგილობრივი რეიტინგებიც – მაგალითად  იგი შარშან აბიტურიენტების #1 არჩევანი იყო და საერთაშორისო რეიტინგებიც – ჩვენთან გაკეთებული კვლევები მსოფლიოსთვის საინტერესოა.

„უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი კარგი რამ ფუნქციონირებს. მაგალითად, გვაქვს სეისმური სადგური, ობსერვატორია და ა.შ. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დაბადების დღეც ფართო მასებისთვის ღია, საჯარო ყოფილიყო,“ – გვითხრა ანამ.

13697274_1241388649207049_7076033753555070348_nმისივე თქმით, ზეიმის  საორგანიზაციო საკითხებში სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი და მათ მრავალი ღონისძიება წარმოადგინეს. მაგალითად, სპექტაკლი, რომელშიც სტუდენტებმა ითამაშეს, ჯაზ ვოკალის კონცერტში ასევე სტუდენტები მონაწილეობდნენ და ა.შ.

როგორც EDU.ARIS.GEს ანა კვანჭილაშვილმა განუცხადა, მათი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს დღე არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ ხალხისთვისაც ყოფილიყო, ამიტომაც სტუმრებს  ოჯახებით პატიჟებდნენ.

„ეს დღე ნამდვილად შედგა. ფეისბუქზე უცხო ადამიანების მხრიდანაც კი ძალიან ბევრი ფოტო იდება. ისინი აღნიშნავენ, რომ აქ ყოფნა ძალიან მოსწონთ. დღის 2 საათზეც კი, ანუ მაშინ, როცა ღონისძიება გაიხსნა, უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. საღამომდე კი ათასობით ადამიანი შეგროვდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვინც აქ მოვიდა უკან აღარავინ მიდის, ბოლომდე რჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურობა ყველას ძალიან მოსწონს,“ – ამბობს ანა.

13734668_1279039245462241_555213104_nორგანიზატორებთან ერთად კმაყოფილებას არც სტუმრები მალავდნენ, რომელთა შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფესორ-მასწავლებლებიც მრავლად იყვნენ.

„დღევანდელი საღამოთი ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი  გამორჩეული და განსაკუთრებულია. სტუდენტების ნაცვლად ძალიან მიხარია, რადგან ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად ექცევათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, ვინც კი დღეს აქ მოვიდა და ამ ღონისძიებას დაესწრო, იგი დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება“-განგვიცხადა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ლექტორმა ნინო ფირცხალავამ.

რაც შეეხება თავად კურსდამთავრებულებს, რომელთაც ეს დღე მიეძღვნათ, ჩვენთან საუბარში აღტაცებასა და გაოცებას ვერ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

სალომე ქოჩქიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „დღევანდელი დღე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. კარგია, რომ ამ ღონისძიების ასე გრანდიოზულად ჩატარება გადაწყვიტეს.

13706145_1279039242128908_2088954551_nამაყი ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ასეთ განსხვავებულ აღნიშვნას არ ველოდებოდით. მართალია, ილიაუნი სიურპრიზებით ხშირად გვანებივრებს, მაგრამ დღეს მოლოდინს გადააჭარბეს“.

ლელა ჯაფარიძე, ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „წელს ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, წინა წლებთან შედარებით. უფრო გრანდიოზული, უფრო ლამაზი და ფერადი დღესასწაული გვაჩუქეს. ასე რომ, მოლოდნის ნამდვილად ამართლებენ“.

ნინო გონგლაძე,  სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „ძალიან კარგი გარემოა. ჩვენმა უნივერსიტეტმა, როგორც ყოველთვის, იზრუნა და განსაკუთრებული განწყობა შეგვიქმნა. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. ვაპირებ რომ ბოლომდე დავრჩე“.

ეთუნა კილაძე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებული: „აქაურობა ისეთი ლამაზია, რომ მინდა ყველაფერი დამამახსოვრდეს. დარწმუნებული ვარ, ილიაუნი ჩვენს იმედებს ბოლომდე გაამართლებს. უნივერსიტეტის ეზოში ამ ღონისძიების ჩატარებას ეს გარემო ნამდვილად ჯობია“.

13754367_1241396352539612_6695144017591108584_nსაღამოს კულმინაცია გამოსაშვები ცერემონიალი იყო. მანტიით შემოსილ ათასობით სტუდენტს სცენიდან თავდაპირველად უნივერსიტეტის რექტორმა, შემდგომ კი წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა მიმართეს და სულ ცოტა ხანში ილიაუნელებმა საზეიმო მუსკის ფონზე ცაში ქუდები აყარეს.

EDU.ARIS.GE უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიასაც გაესაუბრა, რომელმაც პირობა დადო, რომ გამოსაშვები ღონისძიება ყოველწლიურად განსხვავებული და საინტერესო იქნება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიკური, სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი ვართ. 10 წლის გავხდით და გადავწყვიტეთ სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს იუბილე ყველაზე კარგად სწორედ მათ გამოსაშვებ საღამოს ემთხვევა, რადგან სტუდენტები ჩვენი მთავარი პოტენციალი და რესურსია.

13709779_1241387079207206_6622985728044000366_nდარწმუნებული ვარ, კურსდამთავრებულები ძალიან ხშირად დაუბრუნდებიან ილიაუნის რეალურად თუ თავიანთ მოგონებებში.

„დღეს ჩვენ არა უბრალოდ გამოსაშვები საღამო გავაკეთეთ, არამედ ბევრი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებაც წარმოვადგინეთ. ვაჩვენეთ, თუ როგორი მრავალფეროვანია ჩვენი უნივერსიტეტი, რომ იგი მრავალფეროვან დისციპლინებს მოიცავს. სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გვქონდა საქველმოქმედო პროგრამა ჩვენი თანამშრომლის დასახმარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ბევრ ჩვენგანს მეხსიერებაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩერული დღე,“ – განაცხადა გიგა ზედანიამ.

ილიაუნის საიუბილეო ზეიმი გვიან ღამე გრანდიოზულმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური