GE

„ეს გამოცდებიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი არის მხოლოდ თბილისი“ – წუხილი ქუთაისის საგამოცდო ცენტრებიდან

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც, წესის მიხედვით, ისინი გამოცდიდან მოიხსნენ. მათ შორის, მომხდარის შემსწრეთათვის ყველაზე გულისამაჩუყებელი ქუთაისის საგამოცდო ცენტრში ჩასული ზესტაფონელი გოგონას ისტორია იყო, რომელსაც სამარშრუტო ტაქსიმ გამოასწრო, გამოცდაზე ზუსტად 2 წუთით დააგვიანდა და მთელი წლის გეგმები შეეცვლა.

„ეს გამოცდებიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი არის მხოლოდ თბილისი. მე რაიონიდან ვარ, მანქანა მყავს და წამოვიყვანე ჩემი შვილი რამდენიმე მეგობართან ერთად. დაამთავრებენ და წავიყვან უკან, მაგრამ რამდენი ქვრივი და გაჭირვებულია, რომლებიც წვალობენ. სოფლიდან ჯერ რაიონში უნდა ჩამოვიდნენ, მერე ქუთაისში. არაფერი დაუშავდებოდათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რომ მოეგვარებინათ ტრანსპორტირების საკითხები. მანქანას ვეღარ ვაყენებდი იმდენი ხალხია, სპეცილური ტრანსპორტი რომ ყოფილიყო ასეთი ამბავი, ალბათ, არ იქნებოდა”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ერთ–ერთი აბიტურიენტის მშობელი იმედა ბერიძე.

რამდენად ხელმისაწვდომია ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში არსებულ საგამოცდო ცენტრში წასული აბიტურიენტებისთვის მგზავრობა და რამდენად მოწესრიგებულია ეს საკითხი, EDU.ARIS.GE ამ თემით დაინტერესდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, სადაც გამოცდების განრიგია განთავსებული, საგამოცდო ცენტრებამდე მიმავალი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თბილისის მასშტაბითაა მითითებული. დედაქალაქში სულ 9 საგამოცდო ცენტრია. დაინტერესებული პირი ადვილად მიხვდება, რომ ცენტრამდე მისასვლელად, შესაბამის მეტროსადგურებთან დგას დამატებით გამოყოფილი ავტობუსები, რომელსაც მითითებული აქვს თითოეული სკოლის ნომერი, სადაც საგამოცდო ცენტრებია განთავსებული. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დედაქალაქში აბიტურიენტების გადაადგილება რთული არ არის. თუმცა, როგორ უნდა მოიქცნენ აბიტურიენტები დანარჩენ 13 საგამოცდო ცენტრთან მისასვლელად, naec.ge-ს ვებ-გვერდზე მისამართის გარდა სხვა ინფორმაცია არ არის.

რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, როგორც ჩვენთან საუბარში ყვებიან, გარდა იმისა რომ გამოცდების საკითხები ადარდებთ, ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე ფიქრიც უხდებათ, რომ რეგისტრაციაზე არ დააგვიანდეთ.

მარიამი ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს, სურს ექიმი გახდეს და პირველი გამოცდის წინ ძალიან ნერვიულობდა. დედა კი იმაზე ფიქრობდა, საგამოცდო ცენტრში მისვლა არ დაგვიანებოდათ.

„საკუთარი ავტომობილი არ გვყავს, ამიტომ წინასწარ დავგეგმე, რომ სახლიდან რაც შეიძლება ადრე  გავსულიყავით. ასეც მოვიქეცით და 7:15 წუთზე უკვე ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე ვიყავით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოსული არ იყო. ამ ქუჩიდან საგამოცდო ცენტრამდე საკმაოდ მანძილია, კარგა ხანს ვიდექით ქუჩაში, როგორც იქნა  მიკროავტობუსი გამოჩნდა და მივედით ცენტრამდე. მართალია ჩვენ არ დაგვგვიანებია, მაგრამ ვინერვიულეთ. ხომ შეიძლება ქუთაისშიც ისე იყოს აბიტურიენტების გადაადგილება მოწესრიგებული, როგროც თბილისშია? კარგი იქნება გამოცდების დღეებში აქაც თუ იქნება დამატებითი ავტობუსები და თუ ამას ვერ ახერხებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც გამოიყვანონ დაგეგმილზე ცოტა ადრე“, – ამბობს აბიტურიენტის მშობელი თეა ნადირაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრებთან მომლოდინეების გარდა, ავტომობილების სიმრავლესაც შეამჩნევთ. იქ შეკრებილი გულშემატკივრები სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსპორტირების პრობლემაზე საუბრობენ.  ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რაიონების მაცხოვრებლებისთვის, თუ  საკუთარი ავტომობილები არ ჰყავთ, გადაადგილება რთულია.

„არაფერი არ ვიცი, ვინმე ზრუნავს თუ არა აბიტურიენტების ტრანსპორტირებაზე. ტყიბულიდან ჩამოვედით. დილის 6 საათის შემდეგ გზაში ვართ, არ გვინდოდა დაგვგვიანებოდა. ყველა გამოცდისთვის ასე მოგვიწევს მგზავრობა. ისე, მართლა კარგი იქნებოდა, მუნიციპალიტეტის ცენტრში ყოფილიყო ტრანსპორტი, რომელიც ბავშვებს ქუთაისში წამოიყვანდა. ისედაც დიდი სტრესი აქვთ“, – განაცხადა კიდევ ერთი აბიტურიენტის ბებიამ, მაყვალა მიშველაძემ ჩვენთან საუბარში.

„წინა წლებში, როდესაც ჩემი უფროსი შვილი აბარებდა გამოცდებს, იყო ავტობუსი, რომელმაც ჩამოგვიყვანა საგამოცდო ცენტრში და მერე უკან წაგვიყვანა, არ ვიცი სკოლამ უზრუნველყო თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ ძალიან კარგი იყო. წელს ასეთი რამ არ ყოფილა, საზოგადიებრივი ტრანსპორტით წამოვედით, მაგრამ გაცილებით ადრე, რომ რამე შეფერხება არ ყოფილიყო“, – განაცხადა ზესტაფონში მცხოვრებმა ნანა ნებიერიძემ.

“ბაღდათში ვცხოვრობთ, ტრანსპორტი ქუთაისისკენ ხშირად დადის, მაგრამ ვერ გავრისკავდით, არ გვინდოდა დაგვგვიანებოდა და ნათესავთან ჩამოვედით წინა დღით“, – გვითხრა ქეთი შვანგირაძემ.

“ჩვენ ცაგერიდან ვართ, ქუთაისში წინა დღით ჩამოვედით. ტელევიზიით მოვისმინე, რომ თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე დამატებითი ავტობუსებია დანიშნული, ქუთაისში ასეთი რამ არ შემინიშნავს, მაგრამ გადაადგილების პრობლემა ქალაქში არ გვქონია“, – გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა რუსუდან საღინაძემ.

გამოცდები 2018

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი