GE

„ეს გამოიწვია სკოლებისა და ბაღების გახსნამ – მასწავლებლებისა და განათლებაში დასაქმებულთა ვაქცინაცია დროულად უნდა დაიწყოს“

პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების ზრდის ძირითადი მიზეზი სკოლების და ბაღების გახსნაა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„მომართვიანობა გაზრდილია. ოქტომბერ-ნოემბერში დღეში რამდენიმე ათეული პაციენტი თუ იყო, თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე პრაქტიკულად კვირები გადიოდა ისე, რომ საერთოდ არცერთი შემთხვევა არ გვქონია. ბოლო ხუთი დღეა მე პირადად ყოველდღიურად ორ-სამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გუშინ მაგალითად, იყო ოთხი ახალი პაციენტი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სკოლების და ბაღების გახსნამ. მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა, სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი მეტ-ნაკლებად უნდა გამკაცრდეს.

“სასურველია ასევე, რომ მასწავლებლებმა და განათლების სფეროში დასაქმებულმა პირებმა დროულად დაიწყონ ვაქცინაცია. ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა მესამე ტალღა და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ იხსნება სხვადასხვა დაწესებულება: რესტორნები, სადღესასწაულო ცენტრები, გასართობი სივრცეები, იქ ყველამ უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც საკმაოდ ძნელია. მოვდუნდით და ამან გამოიწვია, რომ დღეს პრაქტიკულად ქვეყანაში მესამე ტალღა გვაქვს. შემთხვევების რაოდენობა უცებ 1000-მდე ავარდა და თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრი ხაზგასმით ამბობს, რომ დაავადების გავრცელების ერთადერთი პრევენციული საშუალება ვაქცინაციაა.

„ერთადერთი პრევენციული საშუალება არის ვაქცინაცია. ვისაც აქვს შესაძლებლობა, ყველა უნდა დარეგისტრირდეს და აიცრას. არც ერთ ქვეყანაში არ ირჩევენ ვაქცინას, იკეთებენ იმ ვაქცინას, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ყველა ვაქცინას აქვს მაღალი დაცვის პროცენტი და ყველა იცავს დაავადების მძიმედ განვითარებისა და ფატალური შედეგისგან. პანდემიის დასამარცხებლად სულ ცოტა 11 ათასი ადამიანი ყოველდღე უნდა ავცრათ და არა ისე, რომ 25 დღეში აიცრას ეს რაოდენობა. ქვეყანამ ცოტა რომ ამოისუნთქოს, ყოველ დღე სულ ცოტა 3 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური