GE

ეს იელის უნივერსიტეტის ყველაზე მოთხოვნადი კურსია – ბედნიერების მისაღწევი 5 ხერხი

„მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბედნიერების მისაღწევად შეგნებული ძალისხმევაა საჭირო“, – ამბობს იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლორი სანტოსი. მისი თქმით ბედნიერების მიღწევა მარტივი არ არის და ამას დრო სჭირდება.

მან დანამდვილებით იცის რაზე საუბრობს. ლორი სანტოსი უნივერსიტეტში სპეციალურ კურსს კითხულობს – „ფსიქოლოგია და ბედნიერი ცხოვრება“.  უნივერსიტეტში, რომლის ისტორიაც 316 წელს ითვლის, ეს ყველაზე პოპულარული კურსი გახდა. მას 1200 სტუდენტი ესწრება, რაც სასწავლო დაწესებულებისთვის აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს.

ლორი სანტოსის კურსი „პოზიტიური ფსიქოლოგიის“ პრინციპზეა დაფუძნებული. კლასიკური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, რომლიც ძირითადად პრობლემებსა და პათოლოგიებს სწავლობს, ის ადამიანის გაბედნიერების შესაძლებლობებსა და ქცევის პოზიტიურობისკენ შეცვლას განიხილავს.

თეორია კარგია, მაგრამ რა ვქნათ პრაქტიკაში? როგორ გავბედნიერდეთ რეალურ ცხოვრებაში?

„ბედნიერება უბრალოდ არ მოდის, ამისათვის ძალისხმევაა საჭირო“, – ამბობს ლორი სანტოსი. მისი თქმით, ბედნიერებას მუდმივი მუშაობა სჭირდება. სპეციალური კურსის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება.

რა უნდა ქნათ, თუ თქვენ გინდათ ბედნიერი იყოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ იელის უნივერსიტეტში სანტოსის ლექციაზე დასწრება?

გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომელთაც ლორი სანტოსი გვირჩევს.

იყავით მადლიერები

სტუდენტებმა, რომლებიც ლორი სანტოსის ლექციას ესწრებიან, ყოველ საღამოს

უნდა ჩაიწერონ ის, რაზეც ან ვისი მადლიერებიც არიან. ახალგაზრდები, რომლებიც ამ სავარჯიშოს ასრულებენ, ყოველდღიურად მადლიერების სიას ადგენენ. „ეს ძალიან მარტივი სავარჯიშო ჩანს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სტუდენტები, რომლებიც მას ასრულებენ, თავს ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობენ“, – ამბობს ლორი სანტოსი.

მეტი იძინეთ

„ეს მარტივი სავარჯიშო სინამდვილეში ყველაზე რთული შესასრულებელია“, – ამბობს ლორი. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ კვირის განმავლობაში, ყოველ ღამე 8 საათი იძინოთ.

„ეს შეიძლება სულელური ჩანაფიქრი ჩანდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კარგი ძილი ხასიათს აუმჯობესებს და დეპრესიაში ჩავარდნის რისკს ამცირებს“, – ამბობს სანტოსი.

მიმართეთ მედიტაციას

თქვენი ამოცანაა დღეში 10 წუთი მედიტაციით დაკავდეთ. სანტოსის სიტყვებით, სტუდენტობის პერიოდში რეგულარული მედიტაციის საშუალებით ის თავს უკეთესად გრძნობდა. ახლა, როცა ის უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობს, თავის სტუდენტებს იმ სამეცნიერო ნაშრომების გაცნობას ურჩევს, რომლებშიც მედიტაციისა და ბედნიერების კავშირია აღწერილი.

მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან გაატარეთ

ბოლო კვლევების თანახმად, თუ ადამიანი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროს სასიამოვნოდ ატარებს, ის თავს უფრო ბედნიერად გრძნობს. ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობისა და სოციალური კავშირების არსებობა ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

„ეს არ არის რთული. უბრალოდ იცხოვრეთ კონკრეტული მომენტით და ერთად გატარებული თითოეული მომენტი შეიგრძენით“, – გვირჩევს სანტოსი.

სოციალურ ქსელებში ნაკლები დრო გაატარეთ

სანტოსის სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერების ყალბი გრძნობით არ მოვტყუვდეთ. მას კი სოციალური ქსელები ქმნის. „ბოლო კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ, თავს ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც მათზე ნაკლებ დროს ხარჯავს“, – აცხადებს სანტოსი.

თუ თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ ბედნიერები იყოთ, გაზარდეთ თქვენ თავში მადლიერების გრძნობა, მეტი დრო მეგობრებთან და ახლობლებთან გაატარეთ, თქვენ ცნობიერებას ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლების საშუალება მიეცით, გათიშეთ ყველა სოციალური ქსელი და კარგად გამოიძინეთ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური